პრემიერის ვიზიტი ბელგიის დედაქალაქში დღეს დაიწყო:


“ევროკომისარმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს საქართველოს, რათა სამოქმედო გეგმის მეორე ფაზა ასევე დადებითად შეფასდეს. ამ მიზნით, პირველი მისია საქართველოს 24 ნოემბერს ეწვევა. შეხვედრისას პრემიერმა იმ კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მიაღწია.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მიღებულია კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; მიგრაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; თომას ჰამერბერგის რეკომენდაციების შესაბამისი ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.


ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკომისარი

ამავე განცხდების თანახმად, ღარიბაშვილმა ევროპული და ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულება ევროკომისარს კიდევ ერთხელ დაუდასტურა და განაცხადა, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულების ეფექტური იმპლემენტაციისთვის მზად არის.


დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება. 

ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელსაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი უხელმძღვანელებს, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების ეფექტური განხორციელების მექანიზმებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ. 



ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილისა და ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 



ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ნატო-ს შტაბბინაში იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს, რის შემდეგაც დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია. 
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან. შეხვედრის შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.



დაგეგმილია მოლაპარაკებები ევროკომისრებთან, მათ შორის, ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომთან. 



საქართველოს დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *