9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ექვსთვიანი განხილვების შემდეგ დღეს, 27 მაისს, სასამართლომ გორში 9 წლის გოგოს მკვლელობასა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ ამ განაჩენით სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი იაგო ნებიერიძემ მოკლა.

თავად იაგო ნებიერიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბავშვი არ მოუკლავს. ნებიერიძე მხოლოდ შეუტყობინებლობის გამო ითხოვს გასამართლებას.

უსაფრთხოების მიზნით, პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში ტარდებოდა, სადაც მოკლული ბავშვის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ. ისინი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდნენ. როგორც მათ განაჩენის გამოცხადების შემდეგ აღნიშნეს, მოსამართლის გადაწყვეტილება აბსოლუტურად სამართლიანი იყო.

იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი თბილისში © გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი გორში 2018 წლის 25 ოქტომბერს იპოვეს. ბავშვს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, სახეზე კი- პოლიეთილენის პარკი ჩამოფარებული. მეორე დღეს, 26 ოქტომბერს, შსს-მ  დააკავა 34 წლის ეჭვმიტანილი, იაგო ნებიერიძე.

იაგო ნებიერიძის მიმართ გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რასაც შემდგომ დაემატა გარყვნილი ქმედების ბრალდებაც.

აღნიშნულ პირი ფიგურირებს 14 წლის წინ გორში გაუჩინარებული მოზარდის საქმეშიც, რომლის ცხედრის სამძებრო სამუშაოებიც გასულ წელს გორში მიმდინარეობდა.

გასული წლის ნოემბერს, მედიის ნაწილის ცნობით, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ 14 წლის წინ გატაცებული 11 წლის ბიჭის ცხედრის ადგილსამყოფელი დაასახელა, თუმცა, რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, ბავშვის ცხედარი სამართალდამცველებმა ვერ იპოვეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.