ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

დამწვარი არქივებით დაწერილი მეხსიერება – დავით ჯიშკარიანი

27 მაისი, 2019 • 5068
დამწვარი არქივებით დაწერილი მეხსიერება – დავით ჯიშკარიანი

წლების წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე აფხაზეთის ისტორიის შესახებ ლექციას გვიკითხავდა.  ერთ-ერთი მორიგი დისკუსიის დროს აღნიშნა, რომ ქართველ და აფხაზ ისტორიკოსთა შორის უთანხმოების მიზეზი არა ისტორიული წყაროების  სიმცირე, არამედ მათ ინტერპრეტაცია არისო.  ის ამაში აბსოლუტურად მართალი იყო. უფრო მეტიც, ამ გადმოსახედიდან ნათლად ჩანს, რომ ორივე ეროვნების მეცნიერები მხოლოდ იმაზე აკეთებდნენ აპელირებას, რაც მათ „აწყობდათ“, ანუ იმას, რაც ნაციონალური იდენტობის მშენებლობისთვისაა საჭირო.

ეს ტრადიცია ოფიციალურ ისტორიაში დღემდე შენარჩუნებულია. ისტორიკოსებს ხშირად არც კვლევის მეთოდი, არც შეკითხვები და არც საარქივო დოკუმენტები არ სჭირდებათ, რადგან დასკვნები წინასწარ  გამზადებული აქვთ. ისინი ცნობილი ტელესერიალის, ჩცდ-ს პერსონაჟ გრიშა კაკაჩიას ჰგვანან, რომელიც იცით, რატომ არ კითხულობს ილია ჭავჭავაძეს? იმიტომ, რომ იცის, წინასწარ რა იქნება დაწერილი.

საბჭოთა კავშირის რღვევისა და პოლიტიკური კრიზისების დროს, საქართველოში ბევრი წერილობითი წყარო და ისტორიული დოკუმენტი განადგურდა.  1990-იანი წლების დასაწყისში  საქართველოში რამდენიმე არქივი დიაწვა. პირველი ხანძარი თბილისში სამოქალაქო ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ) შენობებს გაუჩნდა, რომლებიც გვერდიგვერდ იყო. დაიწვა არქივის ნაწილი, თუმცა, დღემდე ოფიციალურად არსად ყოფილა განცხადებული, ზუსტად რა ფონდები დაიწვა, რომელი გადარჩა, რომელია დღემდე საიდუმლო და რომელია განსაიდუმლოებული. ზემოთ ჩამოთვლილ ოთხივე კატეგორიას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისათვის. 

მეორე ხანძარი კი სოხუმში მოხდა. 1992 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 17-18 საათზე ხანძარი გაუჩნდა დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის ენის და ლიტერატურის ინსტიტუტის შენობას მაშინდელი რუსთაველის ქუჩაზე. ფაქტიურად, იმავე დროს ხანძარი გაუჩნდა აფხაზეთის სახელმწიფო არქივის შენობას ლესელიძეს ქუჩაზე. მაშინ საქართველოს რესპუბლიკის აფხაზეთის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ  „აღნიშნულ შენობებში ხანძრის გაჩენის მიზეზებს სათანადო ორგანოები შეისწავლიან და დამნაშავენი მკაცრად დაისჯებიან“. ამ ამბიდან 27 წელი გავიდა, დამნაშავეები კი . . .

ორივე ხანძრის ირგვლივ მითები და მანიპულაციები არ წყდება. მითების კვლავ წარმოებაში კი სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლებთან ერთად მოქალქეებიც არიან ჩართულნი. ერთ-ერთი გამორჩეული ამბავი მეც მომისმენია- თბილისის  ხანძრის შემდეგ ბევრი დოკუმენტი რუსთაველზე იყო მიმობნეული.  ერთმა ადამინმა ეს დოკუმენტები აკრიფა, “დაჩაზე” წაიღო და შპალერის მაგივრად გააკრა საპირფარეშოში. ცოტა ხნის მერე მასთან მიდის მეგობარი, რომელიც შედის საპირფარეშოში და ხედავს, რომ კედელზე რეპრესირებული ბაბუის დახვრეტის ოქმია გაკრული. ტყუილ-მართლის გარკვევას აქ ვერ შევძლებ, თუმცა მსგავსი ამბები აშკარად უხვადაა. ხშირად მსგავსი ამბავი გადაწონის საარქივო დოკუმენტებში დაცულ ინფორმაციას, ჭორი ხომ გაცილებით პოპულარულია.

უცნობია ისიც, თუ როგორ წარიმართა სოხუმში არქივის დაწვის გამოძიების პროცესი. აფხაზურ ნაციონალურ ნარატივში კი ცალსახად ჩამოყალიბდა მეხსიერება, რომ ეს ის იყო ქართველების მცდელობა, წაეშალათ აფხაზების ცხოვრების კვალი საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ამ შემთხვევაში არიქივი აღარ არის მხოლოდ მტვრიანი დოკუმენტების სათავსო, რომლის განადგურებით ისტორიის კონკრეტული პერიოდი ემსხვერპლა. ის უფრო ღრმა კვალს ტოვებს ნაციონალური მეხსიერების სისტემაში. ანთროპოლოგი თომას ერიქსენი ნაციონალიზმზე საუბრისას აღნიშნავს, რომ  ეთნიკური იდეოლოგიების მნიშვნელოვან ელემენტს ჯგუფის ისტორიული უწყვეტობის ცნება წარმოადგენს. ზიარი ტრადიციებისა და ისტორიული ცნებების აპელირების გზით, ეს იდეოლოგიები იმის შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს ეთნიკური ჯგუფი ბუნებრივია და მას ხანგრძლივი კულტურული უწყვეტობა გააჩნია. ეს ყველაფერი კი ერთ სივრცეში, ბიბლიოთეკებში, არქივებში და მონუმენტებში შეიძლება იყოს გამოხატული. აფხაზებისთვის კი ასეთი ზიარი ისტორია ეს დამწვარი არქივი გახდა, სადაც ხშირად იმ დოკუმენტებსაც ათავსებენ, რომლებიც იქ არც შეიძლება ყოფილიყო. თუმცა კოლექტიურ მეხსიერებისათვის ეს ნორმალურიცაა და გასაგებიც.

სოხუმის არქივებში ხანძრის მერე არაერთი პროექტი განხორციელდა, რომლებიც არქივის აღდგენას ეხებოდა. ძირითადად ეს გულისხმობს საქართველოს არქივებში აფხაზეთის შესახებ დოკუმენტების ასლების მიწოდებას აფხაზური მხარისათვის. ბევრი პროექტის წარმატება ხშირად მასში ჩართული ადამიანების კეთილსინდისიერებით და დიდი მოთმინებითაა განპირობებული. დონორები ხშირ შემთხვევაში დასავლური ფონდები არიან. პროცესი მეტ-ნაკლები წარმატებით ამჟამადაც მიმდინარეობს.

აქ მივადექით ყველაზე დრამატულ ნაწილს. რატომ უნდათ აფხაზებს დოკუმენტები და რა მოტივაცია ამოძრავებს ოფიციალურ ქართულ მხარეს?

აფხაზეთის ისტორია, განსაკუთრებით კი მეოცე საუკუნეში, ქართველი ისტორიკოსების მხრიდან შესწავლილი ნაკლებადაა. არც აფხაზები აქტიურობენ ამ მხრივ. 2015 წელს გერმანელმა ისტორიკოსებმა, მარკ იუნგემ და ბერნდ ბონვიჩმა, საქართველოს შსს არქივების დოკუმენტებზე დაყრდნობით, სტატისტიკური მეთოდის გამოყენებით დაწერეს წიგნის თავი, ეთნოსი და ტერორი. მას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ნაშრომი 1937-1938 წლებში, ლავრენტი ბერიას საქართველოს ცკ-ის მდივნობის დროს, ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ რეპრესიებს ეხებოდა. ცალკე იყო განხილული აფხაზების საკითხიც. ავტორთა მოსაზრებით რეპრესიები აფხაზების წინააღმდეგ და აფხაზური დამწერლობის ცვლილება 1937 წელს იყო მცდელობა „აფხაზური ერის ფორმირების პროცესის ხელშესაშლელად“.  რამდენად მართებულია ეს მოსაზრება და საჭიროებს თუ არა რევიზიას, ცალკე განხილვის საკითხია. თუმცა აღნიშნული თავის ეთნოსი და ტერორი იმდენად მიუღებელი იყო  ისტორიკოსებისა და ბიუროკრატებისათვის, რომ საჯაროდ მის გაკიცხვასა და ლანძღვას არც კი მორიდებიან. მიუხედავად ამისა, ავტორები ვერ გადაარწმუნეს საკუთარ მოსაზრებებში და წიგნმაც დღის სინათლე იხილა. 

ამ სკანდალის შემდეგ, 2018 წელს, გამოვიდა სამტომეული, რომელიც იმავე 1937-1938 წლების რეპრესიებს ეხებოდა.  პროექტის ოფიციალურ აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის განხორციელდა „შსს-ს არქივის პროექტი – „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“ – ფარგლებში, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.”  მომზადდა ქართულ-აფხაზური ერთობლივი გამოცემა – „დიდი ტერორი აფხაზეთში” (აფხაზეთის ასსრ 1937-1938 წწ.), პროექტის საბოლოო შედეგი სამტომეული იყო. თბილისში გამართულ პრეზენტაციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ „ეს არის ქართველი და აფხაზი მეცნიერების ერთობლივი ნამუშევარი, ერთობლივი პროექტი, რომელიც ასახავს ჩვენს საერთო ისტორიას.“

ამ რიტორიკაში კარგად ირკვვევა, რომ ოფიციალური თბილისის სურვილია, არქივების გარშემო პროექტები წარმოაჩინონ როგორც საერთო წარსულზე ერთობლივი მუშაობისა და მსჯელობის საშუალება.

სოხუმში წიგნის პრეზენტაციას პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც დაესწრო და წარმომადგენლობით ხარისხიც გაცილებით სოლიდური იყო.  თუ აფხაზეთში არსებულ მედიას გადავავლებთ თვალს, იხატება ერთგვარი ჰეროიკული ოპერაცია საარქივო დოკუმენტების მოსაპოვებლად. თუმცა ეს დოკუმენტები დღემდე ღიაა  და თუ ადამიანი 3 ლარს  გადაიხდის ერთი გვერდის ასლში, არქივი ამ მონაცემებს  უპრობლემოდ იძლევა.

ამ მოჩვენებით ჰარმონიულობის მიღმა არის მთავარი. სამტომეული რეალურად იმ დოკუმენტების დემონსტრირებაა, რომლებიც სამეცნეირო წრეებისათვის დიდი ხანია ცნობილი. თუმცა მათი ინტერპრეტაცია ისევ „სახელმწიფო პოლიტიკის“ ნაწილია. ქართული მხარისთვის რეპრესიები “რუსული ოკუპაციის” შედეგია,  ხოლო აფხაზებისთვის ეს არის „ქართული ოკუპაციის“ შედეგი.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, აფხაზეთში დაიწვა ეროვნული არქივის ნაწილი და კვლევითი ინსტიტუტის არქივ-ბიბლიოთეკა. ხანძარი არ შეხებია  უნიკალურ აფხაზეთის უშიშროების არქივს, რომელშიც ბევრი საინტერესო დოკუმენტი მოიპოვება.  თუმცა, რეალურად შეუძლიათ თუ არა მკვლევრებს აქ მუშაობა თავისუფლად ბოლომდე, უცნობია. ისევე როგორც თბილისის ხანძრის შემდეგ, სოხუმის ხანძრის შემდეგაც არ გამოქვეყნებულა აღწერილობა, თუ რა საქმეები ინახება აფხაზურ არქივებში. 2018 წელს “ეხო კავკაზასთვის” მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის  არქივიდან გადანახულ საქმეებზე ღიად საუბრობდა რომან ღვინჯილია, აფხაზეთის რესპუბლიკის საარქივო სამმართველოს უფროსი. ის აღნიშნავს, რომ გაციფრულდება 1918-1921 წლების მასალები, რომლებიც ეხება აფხაზეთის სახალხო საბჭოსა და მთიანი რესპუბლიკების მმართველობის მასალებს. ინტერვიუს ბოლოს ის ამბობს, რომ „შეუძლებელია გაზარდო თაობა გმირული მაგალითებისა და საკუთარი სახელმწიფოს ისტორიის ტრაგიკული ფურცლების ცოდნის გარეშე“. 

არქივების შესახებ ბევრი მანიპულაცია მოგვისმენია და ბევრსაც მოვისმენთ. ჯერჯერობით არქივი ქართულ და აფხაზურ მხარეს იმისთვის უნდათ, რომ საკუთარი სიმართლის ლეგიტიმაცია მოახდინონ ისტორიული დოკუმენტებით. სამწუხაროდ, ისტორიული პროცესების ანალიზისთვის მზაობა ჯერ არ არსებობს.


მასალების გადაბეჭდვის წესი