როგორც ნეტგაზეთს ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოში განუცხადეს, დღეს სოროსი სტუდენტებისთვის ლექციას წაიკითხავს. ხვალ, 15 ნოემბერს კი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. საუბარია იმაზე, რომ სოროსი შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდეს, თუმცა ეს საკითხი ჯერ დადასტურებული არ არის. როგორც ფონდში განმარტავენ, სოროსის შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ჩანიშნული არ არის.
ჯორჯ სოროსი საქართველოში “ღია საზოგადოება – საქართველოს” 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოიწვიეს ფონდის წარმომადგენლებმა. ამ თარიღის აღსანიშნავად ფონდი გარკვეულ ღონისძიებებს გეგმავს.
“გადავწყვიტეთ, რომ გავიხსენოთ, მოვყვეთ, რა გაგვიკეთებია ამ 20 წლის მანძილზე, იმიტომ, რომ ძალიან მოცულობითი იყო ის საქმე, რაც ფონდს გაუკეთებია. არის სხვადასხვა სფერო: არის კულტურა, განათლება, მედიის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებები,”– უთხრეს “ნეტგაზეთს” ფონდში
ფონდის ცნობით, იმ სფეროების შესახებ, რასაც “ღია საზოგადოება – საქართველოს” საქმიანობა მოიცავს, საზოგადოებას ინფოგრაფიკებითა და დოკუმენტური ფილმების საშუალებით მოუთხრობენ.
ჯორჯ სოროსი ბოლოს საქართველოში 2012 წლის მიწურულს იმყოფებოდა. ის კერძო ვიზიტით ჩამოვიდა და მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
ფონდის განცხადებით, 20 წლის იუბილეზე ფონდის დამფუძნებლის, ჯორჯ სოროსის გარდა სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ფონდ “ღია საზოგადოების” წევრებიც არიან მიწვეული.
