ახალი ამბები

ალასანია: ყველაფერი ერთად კონცენტრირდება თავდაცვის სამინისტროს და ჩემ წინააღმდეგ

13 ნოემბერი, 2014 • 990
ალასანია: ყველაფერი ერთად კონცენტრირდება თავდაცვის სამინისტროს და ჩემ წინააღმდეგ

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მუშაობა, რომელიც ერთად გაწია ჩემმა სტრუქტურამ და აუდიტის სამსახურმა, წარმოაჩენს სწორედ იმ რეალურ ვითარებას, რაც სისტემაშია. მაგრამ მთავარი ახლა ის კი არ არის, რომელი კონკრეტული უწყება რა ურთიერთობაში იყო თავდაცვის სამინისტროსთან, არის ის, რომ ყველაფერი ახლა ერთად კონცენტრირდება თავდაცვის სამინისტროს და ჩემ წინააღმდეგ. ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, სხვა არაფერი,”– განაცხადა ალასანიამ “რუსთავი 2″–ის ეთერში.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, პროკურატურის მიერ დაწყებული საქმის გასაჯაროებას ელოდება:

 

“კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოთმინებით ველოდები, რომ გასაჯაროვდეს ის საქმე, რაც პროკურატურამ დაიწყო და ღია გამოძიების პროცესი რეალურად დაიწყოს. ეს არის ერთადერთი გზა, რომ დაინახოს საზოგადოებამ, რასთან გვაქვს საქმე და სიმართლე გაირკვევა. მე ამაში დარწმუნებული ვარ და უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც ციხეში არიან, იქნებიან გათავისუფლებული,”– განაცხადა ალასანიამ. 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ ეს დასკვნა არ უკავშირდება ე.წ კაბელების და ჯარისკეცების მოწამვლის საქმეებს: 

 

“ჩემი და უწყების ინტერესში არ არის, რომ რაიმე ტიპის პოლიტიკურ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ 2013 წლის ივლისიდან ვართ შესული თავდაცვის სამინისტროში. შესულები ვართ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად. ეს წერილობითაც იქნა შემოსული და თავად ალასანია ითხოვდა ამ შემოწმებას. ასევე პარლამენტში იყო შეკითხვები, თუ როდის შევამოწმებდით თავდაცვის სამინისტროს,”– განაცხადა თორდიამ.

 

პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა.  2014 წლის 4 ნოემბერს კი პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 6 მოქმედ მაღალჩინოსანს ბრალი ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით წაუყენა. იმავე დღეს, მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურატურის ქმედებები არის მიზანმიმართული შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ამ განცხადების შემდეგ ალასანია პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან დაითხოვა. საპასუხოდ კი, თანამდებობები დატოვეს მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა, ასევე, კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს “თავისუფალმა დემოკრატებმა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი