გიორგი ჩაკვეტაძე ევრო 2020-ის შესარჩევის ყველა თამაშს გამოტოვებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ბელგიური გენტის 19 წლის ტალანტი, გიორგი ჩაკვეტაძე მუხლის ოპერაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და რეაბილიტაციას თბილისის დინამოს ბაზაზე გადის.

ფეხბურთელმა კრისტალსპორტს განუცხადა, რომ რეაბილიტაციისთვის 3 თვე დასჭირდება, საიდანაც პირველ 2 თვეს დინამოს ბაზაზე გაივლის, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა ვარჯიშის დაწყებასაც შეძლებს.

გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, მოედანს სავარაუდოდ 6 თვეში, ანუ ნოემბრისთვის დაუბრუნდება. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ მან ევროპის შესარჩევი ციკლის ვერც ერთ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

გიორგი ჩაკვეტაძემ კომენტარი თბილისის დინამოს ბაზაზე მისცა კრისტალსპორტს, სადაც აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდა:

რეაბილიტაციას რაც შეეხება, პირველი ორი თვე ვიქნები თბილისში. მადლობა დინამო თბილისს ამისათვის. ყოველდღიურად მოვდივარ აქ და ჩემთვის აკეთებენ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე მოედანს. რაც შეეხება ტრავმას, დაახლოებით პირველი სამი თვე დამჭირდება რეაბილიტაციისთვის, შემდეგ ნელ-ნელა შევუდგები ვარჯიშს და სავარაუდოდ 6 თვეში დავიწყებ თამაშს. როცა შემოვედი დინამოს აკადემიაში, ძალიან გამიხარდა… ემოციურადაც, თვალზე ცრემლები მომადგა იმიტომ, რომ აქ გავიზარდე. მადლობას ვუხდი დინამოს აკადემიას და დინამო თბილისს ამისათვის”.

ახალგაზრდა ფეხბურთელს მუხლის ოპერაცია მაისის დასაწყისში ანტვერპენში ჩაუტარდა. მიმდინარე სეზონში, საკლუბო და სანაკრებო მატჩების ჩათვლით, გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზე 10 გოლია: ბელგიის ჩემპიონატი – 5, ბელგიის თასი – 1, ერთა ლიგა – 4.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი პირველი შეხვედრა ირლანდიასთან გასვლაზე მინიმალური, ხოლო თბილისში შვეიცარიასთან ორბურთიანი ანგარიშით წააგო. გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო ორივე შეხვედრა გამოტოვა.

საქართველოს ნაკრებს განრიგი ევრო 2020-ის შესარჩევზე:

2019 წლის 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან გამართავს ამხანაგურ შეხვედრას.