ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ომბუდსმენი ფაშინიანის მოწოდებებს საფრთხედ მიიჩნევს

20 მაისი, 2019 •
სომხეთის ომბუდსმენი ფაშინიანის მოწოდებებს საფრთხედ მიიჩნევს

“პრემიერ-მინისტრის მოწოდება თუ განცხადება რესპუბლიკის მასშტაბით სასამართლოების შენობების შესასვლელებისა და გასასვლელების ბლოკირებაზე საშიშია ქვეყნის სამართლებრივი სისტემის უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის”, – ასე ეხმაურება სომხეთის სახალხო დამცველი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გუშინდელ მოწოდებას.

“რასაკვირველია, სომხეთის სასამართლო სისტემაში არსებობს პრობლემები, მათ შორის, დამოუკიდებლობასთან, მოქალაქეების უნდობლობასთან და სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით. მეტიც, ომბუდსმენის მისამართით შემოსული განცხადებები ცხადყოფს, რომ ცალკეული მოსამართლეები საკუთარი ქმედებებით სასამართლო სისტემის ავტორიტეტს ვნებენ. ეს ფაქტები ჩემს ანგარიშებშიცაა ასახული. თუმცა არსებული პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ სამართლებრივი გზებით უნდა მოხდეს – სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიის უზრუნველყოფით.

თანამდებობის პირები ვალდებული არიან თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც სასამართლოების ან სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის”.

მისივე განცხადებით, ფაშინიანის მოწოდების შემდეგ სოციალურ ქსელებში მოქალაქეების აგრესიაც და ერთმანეთისადმი დაპირისპირებაც საშიში პრეცედენტია და ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც საფრთხეს უქმნის. ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მოწოდებების აღსრულებისგან.

“ყველა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი პოსტზე მყოფისგან მკაცრად მოვითხოვ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მოწოდებების ან მოთხოვნები სასამართლოების ბლოკირებაზე”.

18 მაისს სომხეთის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. თუკი ბრალი დაუდგინდა, — მას 2008 წლის აქციების დარბევის საქმეზე „კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას“ ედავებიან, — 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებს გუშინ საღამოს მოუწოდა, რომ 20 მაისს, დილის 8:30 საათიდან ქვეყნის ყველა სასამართლოს შენობის შესასვლელი გადაკეტონ.

ფაშინიანის თანახმად, ეს იქნება „ხავერდოვანი რევოლუციის“ მეორე, „ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი“, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას შეცვლის.

დღეს, 20 მაისს, დილიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მოწოდების შესაბამისად, მისმა მხარდამჭერებმა სასამართლოების შესასვლელების გადაკეტვა დაიწყეს. უმაღლესი სასამართლოს საბჭოს შენობის გარდა, მოქალაქეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესასვლელიც გადაკეტეს.

ფაშინიანის ოპონენტთა ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სასამართლოების შენობების ფანჯრებიც დააზიანეს.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი