NDI-ის 20 მაისს გამოქვეყნებული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.
მოსახლეობის 51% მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა აღიაროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. მხოლოდ 13% მიიჩნევს, რომ ქართულმა ეკლესიამ ეს არ უნდა გააკეთოს, 35%-მა დასმულ კითხვას უპასუხა, რომ არ იცის. 1%-მა პასუხზე უარი თქვა. ამის შესახებ საუბარია NDI-ის კვლევაში, რომელიც დღეს, 20 მაისს გამოქვეყნდა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთი. რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ისინი ამ დრომდე თავს იკავებენ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისგან.
მოკლედ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე:
- 2019 წლის 5 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა.
- 4 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომლის გადაწყვეტილებასაც სახელმწიფო ელის, ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.
- ტომოსის გაფორმების შემდეგ უკრაინას ავტოკეფალია შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა მიულოცა და აღნიშნა, რომ უკრაინა ღირსია, ჰქონდეს ავტოკეფალია საუკუნეების მანძილზე ბრძოლის შემდეგ.
- ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინისათვის მილოცვის თავის შეკავებას სამწუხარო უწოდა.
- ტომოსის გაფორმებამდე, სინოდის წევრმა არაერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, აქვს უფლება, ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ეწინააღმდეგება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
- 30 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კონსტანტინოპოლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი ჩამოსვლის მიზანი ქართულ მხარესთან საუბარი იყო და არა რაიმე აზრის თავს მოხვევა. ილია მეორის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ კი აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლი “გაგებით ეკიდება” საქართველოს ეკლესიის “აუჩქარებლობას”.
მთავარ ფოტოზე: მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ხელს აწერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს. ფოტო: EPA/ERDEM SAHIN