ბიულეტენების ჩაყრა და სხვა დარღვევები – ISFED-ის შეფასება 14.00 საათისთვის

სამართლიანი არჩევნების ცნობით, მარნეულის #68-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში ოთხი ბიულეტენი ჩააგდო და უბნიდან ისე გაიქცა, რომ სავარაუდოდ თან წაიღო რამდენიმე ბიულეტენი.

არჩევნების დღეს ამ და 14.00 საათამდე მომხდარი სხვა დარღვევების შესახებ ინფორმაციას სადამკვირვებლო ავტორიტეტული ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” [ISFED]  ავრცელებს.

ორგანიზაცია 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგს, 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით, თორმეტივე საარჩევნო ოლქში ახორციელებს.  „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე არიან წარმოდგენილი ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქებში.

ორგანიზაციის შეფასებით, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. რიგ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები. ზუგდიდისა და მარნეულის რამდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას. ამ ეტაპზე, დარღვევების სიმრავლით გამოირჩევა მარნეულის #68 საარჩევნო უბანი, სადაც დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის გარდა, დაფიქსირდა ბიულეტების ჩაყრა და სხვადასხვა პროცედურული დარღვევები. ფიზიკური დაპირისპირება და არეულობა დაფიქსირდა მარნეულისა და ზუგდიდის ცალკეულ საარჩევნო უბნებზე.

უმეტეს ოლქებში ტენდენციის სახით შეინიშნება საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიული აქტივისტების მობილიზება, რომლებიც რიგ შემთხვევებში აღრიცხავენ უბანზე მოსულ ამომრჩეველს.

 

დარღვევები

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

ბიულეტენების ჩაყრა

არეულობა უბანზე

საარჩევნო კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა

არაუფლებამოსილი პირები კენჭისყრის შენობაში

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

რეგისტრატორის მიერ ზედმეტი ბიულეტენის გაცემა

პროცედურული დარღვევები

მარკირების წესის დარღვევა

უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება და ამომრჩეველთა აღრიცხვა

„სამართლიანი არჩევნები“ ასევე მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ნებისმიერ მხარეს, პატივი სცენ საარჩევნო პროცედურებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვას და ამომრჩეველთა ნების თავისუფლად გამოვლენას.

“სამართლიანი არჩევნები” ზუგდიდში, მთაწმინდასა და მარნეულში ჩატარებული არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს გამოაქვეყნებს.