ზუგდიდის ინცდენტზე TV ოდიშის წამყვანს და ერთ პირს ბრალი წაუყენეს

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტზე ბრალი კიდევ ორ პირს წაუყენეს. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ საქმეზე ძალადობის მუხლით ბრალი  სულ სამ პირს აქვს წაყენებული (სსკ-ის 126).

გელა კვარაცხელია პოლიციამ ინციდენტის დღესვე დააკავა, მას ბრალი პროკურატურამ გუშინ წარუდგინა. დღეს კი ამ საქმეზე დამატებით ორ პირს წაუყენეს ბრალი, რომელთა შორის ადგილობრივი ტელევიზიის, “ოდიშის” გადაცემის წამყვანი, ლევან თორიაა.

ინციდენტი ტელეკომპანია “ოდიშის” გადაცემის ჩაწერისას მოხდა, რომელშიც მონაწილეობა სანდრა რულოვსს უნდა მიეღო.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აგრესიულად განწყობილი პირები უპირისპირდებიან ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და გადაღების საშუალებას არ აძლევენ. კადრებში ასევე ჩანს, როგორ ურტყამს ერთ-ერთი პირი ენმ-ის წევრ ნიკა ვაჩეიშვილს. თავის მხრივ ზემოხსენებულ პირებს რულოვსის გარემოცვის წევრები “სუს-ის შნირებს” ეძახიან. აგრესიულად განწყობილი პირები აცხადებენ, რომ დაპირისპირება გინების გამო დაიწყო.

ტელეკომპანია “ოდიშში” აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანი ყვირილით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფასაც.