ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ინფექციის პრევენციის სისტემაში ხარვეზებია — აუდიტი

სახელმწიფოში არ არის შემუშავებული საავადმყოფოებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია; ჯანდაცვის სამინისტრო სრულყოფილ ინფორმაციას ვერ ფლობს სტაციონარებში ამ მიმართულებით არსებულ რეალურ მდგომარეობაზე; არ არსებობს დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგია, რომლითაც სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს ამ მიმართულებით გააკონტროლებს, — ამბობს აუდიტის სამსახურის ახალი ანგარიში.

ანგარიში, — „ინფექციის პრევენცია და კონტროლი – ეფექტიანობის აუდიტი“, — რომელიც 2019 წლის 28 მარტს გამოქვეყნდა, ეფუძნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტს ამ სისტემის ეფექტიანობის დასადგენად.

მკვლევრებს აინტერესებდათ, რამდენად საკმარისია ქვეყანაში არსებული რეგულაციები და კონტროლის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემის უზრუნველსაყოფად. აუდიტმა გამოავლინა, მათი შეფასებით, ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისტემის ეფექტიანად მართვაზე.

რა არის ინფექციის პრევენცია და კონტროლი?

ინფექციის პრევენციისა და კონტროლი (მოკლედ — იპკ) იმისთვისაა აუცილებელი, რომ მაქსიმალურად შემცირდეს პაციენტების დაინფიცირების რისკები მას შემდეგ, რაც ისინი საავადმყოფოში მოხვდებიან.

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი გარკვეული პრობლემით ჰოსპიტალიზდება, ხვდება სტაციონარში (ანუ 24-საათიან წოლით რეჟიმში), აქ მოხვედრის შემდეგ კი ავადდება ახალი ინფექციით, რომელიც აქამდე არ ჰქონდა. ამას ნოზოკომიური ინფექცია ეწოდება. სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან ასარიდებლადაა საჭირო იპკ-ის გამართული სისტემა.

სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ძირითადი მიზეზები

გარდა იმისა, რომ ასეთი ინფექციები გავლენას ახდენს პაციენტის ავადობასა და სიკვდილიანობაზე, ის „მნიშვნელოვნად ზრდის სამედიცინო მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს“, — წერია ანგარიშში. თუმცა, აუდიტის სამსახურის თანახმად, ამ ინფექციების მნიშვნელოვანი ნაწილის თავიდან აცილება შესაძლებელია ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემის პირობებში.

ძირითადი მიგნებები

აუდიტმა შემდეგი ნაკლოვანებები გამოავლინა:

ანგარიშის თანახმად, იპკ-ის სისტემის ეროვნული სტრატეგია ასევე უნდა მოიცავდეს „სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ზედამხედველობის სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფდა სანდო ინფორმაციის მოპოვებას სამედიცინო დაწესებულებებში იპკ-ის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, და მათი პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს“.

გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში,უწყების განცხადებით, შესაძლებელი იქნება სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაუმჯობესება.