პროკურატურის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თავის დროზე გამოძიებისთვის საინტერესო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვას თვითონ მიანიჭა გრიფი საიდუმლო.
ეს სწორედ ის გახმაურებული შესყიდვაა, რომელთან დაკავშირებითაც თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი “სილქნეტის” სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. თავდაცვის სამინისტრო ითხოვს, რომ საქმის მასალები ნაწილობრივ გასაჯაროვდეს.
თუმცა საქმის მასალები საჯარო ვერ გახდება იქამდე, სანამ შსს–ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი შესაბამის დასკვნას არ გასცემს
“საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა ამოღებული დოკუმენტაციის დედნები ან ასლები, რათა თავის მხრივ თავდაცვის სამინისტრომ მიმართოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, დოკუმენტების განსაიდუმლების პროცედურების დადებითად გადაწყვეტის მიზნით,”– ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები ან ასლების გადასაცემად პროკურატურას დღეს მიმართეს.
“სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვასთან დაკავშირებული მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ოფიციალური წერილი 29 ოქტომბერს გაუგზავნა. 31 ოქტომბერს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა შესაბამისი მასალების წარმოდგენა მოითხოვა. აღნიშნული მასალები კი ამ დრომდე საქართველოს მთავარ პროკურატურაშია,”– აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
თავდაცვის სამინისტრო პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს
“თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, თითქოსდა საიდუმლო გრიფი ამ მასალებს საქართველოს პროკურატურამ მიანიჭა და განზრახ არ ხსნის ამ მასალებს საიდუმლო გრიფს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას,”– ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში
ამის პასუხად კი თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მსგავსი პოზიცია სამინისტროს არსად დაუფიქსირებია:
“თავდაცვის სამინისტროს არც ერთ განცხადებაში არ დაუფიქსირებია პოზიცია თითქოს საიდუმლო გრიფი ამ მასალებს პროკურატურამ მიანიჭა და, მით უმეტეს, არ განუცხადებია, რომ გრიფს საგამოძიებო უწყება განზრახ არ ხსნის,“– ნათქვამია განცხადებაში
თავდაცვის სამინისტრო თავის განცხადებაში მოუწოდებს ყველას, რომ თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.