სტამბოლის მერის გაუქმებული არჩევნები ტაფებით, ქვაბებითა და შეძახილებით გააპროტესტეს

თურქეთის საარჩევნო საბჭოს გადაწყვეტილებას სტამბოლში ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით ერდოღანის პარტია მიესალმა, მოწინააღმდეგეებისაგან კი პროტესტი და მწვავე შეფასებები მოჰყვა. ქალაქის სხვადასხვა უბანში მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ, ოპოზიციამ კი გადაწყვეტილება “წმინდა წყლის დიქტატურად” შეაფასა. ფაქტს უარყოფითად გამოეხმაურნენ ევროკავშირიდანაც.

პროტესტი რკინის ჭურჭლის ხმაურით სახლებსა და ქუჩაში

ოპოზიციის მიერ მოგებული არჩევნების შედეგების ანულირებიდან მალევე, სტამბოლის არაერთი დასახლება ხმაურმა მოიცვა: ოპოზიციის მხარდამჭერები სახლების აივნებიდან და ფანჯრებიდან რკინის კოვზების ტაფებსა და ქვაბებზე ბრახუნით აპროტესტებდნენ მომხდარს. სპონტანურად დაწყებულ პროტესტს მალე სხვადასხვა უბნის მოსახლეობა შეუერთდა.

Beşiktaş 22.05 pic.twitter.com/V1PR8xUXV5

— Ceyda Karan (@ceydak) May 6, 2019

Şişli’de tencere tava sesleri pic.twitter.com/n5xPBlSfsg

— nevsin mengu (@nevsinmengu) May 6, 2019

მოქალაქეებმა სახლებიდან ქუჩებში გადაინაცვლეს: ბეშიქთაშში, ქადიქოისა და სხვა, დიდწილად ოპოზიციურ უბნებში, ასობით ადამიანი გამოვიდა და არჩევნების შედეგების გაუქმება გააპროტესტა. რკინის ჭურჭელი ქუჩაშიც შენარჩუნდა, როგორც პროტესტის ატრიბუტი. იყო შეძახილები: “უფლება, კანონი, სამართლიანობა!”

Protests against the announcement of the decision, to re-run the Istanbul local election, made earlier this evening. Here in Kadıköy, on Istanbul’s Asian side, people bang pots and pans and shout “rights, law, justice” pic.twitter.com/sZH2JOdcCW

— Bradley Secker (@bradleysecker) May 6, 2019

It’s nearly midnight in Istanbul and people in CHP stronghold neighborhoods are taking to the streets to protest the High Electoral Board decision to re-run the Istanbul municipal election. Lira stands at 6.08 to the $ https://t.co/h7DrOUGn0J

— Ceylan Yeginsu (@CeylanWrites) May 6, 2019

გამოხმაურებები ხელისუფლებიდან, ოპოზიციიდან, მსოფლიოდან

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ სტამბოლის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება გუშინ, 6 მაისს მიიღო. ამგვარად მან თურქეთის მმართველი “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელმაც ქალაქში მცირე განსხვავებით წააგო. მმართველი პარტიის წარმომადგენელი საარჩევნო საბჭოში, რეჯეფ ოზელი, აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა დააყენეს, რადგან არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთებთან მომუშავე ზოგიერთი პირი სახელმწიფო მოხელე არ იყო, ზოგიერთ ბიულეტენს კი ხელმოწერა აკლდა.  

გადაწყვეტილებას მიესალმა პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც, რომელიც მანამდე სტამბოლში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით “ორგანიზებულ კრიმინალსა” და “გაყალბებაზე” საუბრობდა. მისი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილება “საუკეთესო ნაბიჯია”.

“ჩვენ ვხედავთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც საუკეთესო ნაბიჯს, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ნებას, გადავჭრათ პრობლემები დემოკრატიისა და კანონის ჩარჩოში”, – მიმართა მან თანაპარტიელებს.

უმაღლესი საარჩევნო საბჭოს გადაწყვეტილებას ამავე უწყების მიერ სტამბოლის აღიარებულმა მერმა, რესპუბლიკელმა ექრემ იმამოღლუმ ამავე ღამეს უპასუხა. ის სტამბოლში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოვიდა და მოუწოდა მათ, იმედი არ დაკარგონ და პირობა დადო, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.

“ჩვენ არასოდეს დავთმობთ ჩვენს პრინციპებს. ეს ქვეყანა დასახლებულია 82 მილიონი პატრიოტით, რომელიც უკანასკნელ მომენტამდე იბრძოლებს დემოკრატიისთვის”, – ციტირებს  იმამოღლუს BBC.

“რესპუბლიკურმა პარტიამ” საარჩევნო უწყების გადაწყვეტილებას “წმინდა წყლის დიქტატურა” უწოდა.

“[თურქეთში] უკანონოა, რომ [მმართველ] “სამართლიანობისა და განვითარების პარტიას” მოუგო. ეს სისტემა, რომელიც ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის და უგულებელყობს კანონს, არც დემოკრატიულია და არც ლეგიტიმური”, – აღნიშნა პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ.

ფაქტთან დაკავშირებით არც საერთაშორისო რეაქციამ დააყოვნა: ევროპარლამენტში თურქეთის საკითხებზე მომუშავე პარლამენტარმა კატი პირიმ თქვა, რომ გადაწყვეტილება  “ამთავრებს თურქეთისადმი ნდობას ძალაუფლების არჩევნების გზით გადაბარებასთან დაკავშირებით”.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საბჭოს ნაბიჯი გამჭვირვალე არ არის, საფრანგეთის მთავრობამ კი ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის ოფიციალურმა პირებმა “პატივი უნდა სცენ დემოკრატიულ პრინციპებს, პლურალიზმს, თანასწორობასა [და] გამჭვირვალობას”.

რა მოხდა მანამდე?

თურქეთში ადგილობრივი არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. სხვა დიდი ქალაქების ნაწილთან ერთად, ოპოზიციის კანდიდატმა მმართველი პარტიის კანდიდატს სტამბოლშიც მოუგო მცირე განსხვავებით.

სტამბოლში – პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით თურქეთის უმნიშვნელოვანეს ქალაქში – ოპოზიციური პარტიის გამარჯვებას რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი  “სამართლიანობისა და განვითარების პარტია” იმთავითვე განსაკუთრებულად ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ არჩევნებისას რიგ დარღვევებსა და “ორგანიზებულ კრიმინალს” ჰქონდა ადგილი. 17 აპრილს, მმართველი პარტიის პროტესტის ფონზე, რესპუბლიკელ ექრემ იმამოღლუს საბჭომ მერის მანდატი გადასცა.

თუმცა ერდოღანის პარტიას წინააღმდეგობა არ შეუწყვეტია: მანამდე, მისი მოთხოვნით, ქალაქის ხმები რამდენჯერმე გადათვალეს, რის შემდეგაც მმართველი პარტიის კანდიდატ ბინალი ილდირიმსა და რესპუბლიკელ ექრემ იმამოღლუს შორის სხვაობა შემცირდა, თუმცა შედეგი არსებითად არ შეცვლილა. აღნიშნულის შემდეგ ერდოღანის პარტიამ ხმების მთელი ქალაქის მასშტაბით გადათვლა მოითხოვა, რასაც საარჩევნო საბჭომ უარით უპასუხა. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ საბჭოს შედეგების გაუქმებისა და არჩევნების თავიდან ჩატარების მოთხოვნით მიმართა, რაც საბჭომ 6 მაისს დააკმაყოფილა კიდეც.

სტამბოლში განმეორებითი არჩევნები 23 ივნისს ჩატარდება.