მორიგი დავა საფრთხეს უქმნის რ2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მორიგი სასამართლო დავა არა მარტო “რუსთავი 2”-ის მუშაობას აფერხებს, არამედ საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმს და თავისუფალ მედიაგარემოს ქვეყანაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში შესული სარჩელზე, რომლითაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორისა და მესაკუთრეებისგან 26 მილიონი ლარის გადახდას ითხოვს. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გარშემო 2015 წლიდან განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ამ პროცესის მიმართაც ლეგიტიმური კითხვები ჩნდება.

“რუსთავი 2”, ერთ-ერთი გავლენიანი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებელი, უკვე წლებია დგას სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე. იმისდა მიუხედავად, თუ ვინ რამდენად იზიარებს “რუსთავი 2″-ის სარედაქციო პოლიტიკას, პლურალისტური მედიაგარემოს შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული და მრავალფეროვანი მედიაპლატფორმების არსებობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო ცვლილებას უდავოდ უარყოფითი გავლენა ექნება 2020 წლამდე წინასაარჩევნო გარემოზე და მთლიანად დემოკრატიულ პროცესზე.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში, “რუსთავი 2”-ის გარდა, არაერთი პროცესი განვითარდა სხვა მედიასაშუალებების მიმართაც: ტვ პირველი, იბერია TV და აჭარის ტელევიზია, რაც კითხვებს აჩენს მედიის დამოუკიდებლობაში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით.

“ეს საკითხები კი უარყოფითად აისახება ყველა საერთაშორისო ანგარიშში, რომელიც აფასებს მედიის მდგომარეობას და დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. საქართველოსთვის, როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რაც პლურალისტური მედიაგარემოს შენარჩუნების გარეშე ვერ მოხერხდება” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:


“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში ახალი სარჩელი შევიდა კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძისგან.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სარჩელის მიზანს ტელეკომპანიის მართვიდან მისი ჩამოშორება, არხის გაკოტრება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი ხელში ჩაგდება წარმოადგენს.

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თქმით, არხი საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა.