ვიდეო ▶ ინტერნეტით ნარკორეალიზაციის ბრალდებით ცოლ-ქმარი და 2 შვილი დააკავეს

შსს-ს განხადებით, საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის კიდევ ერთი მასშტაბური სქემა გამოავლინეს, რის შედეგადაც დაკავებულია 7 პირი. დაკავებულთა შორის 4 ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და 2 შვილი.

პოლიციის ინფორმაციით, 7-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, როგორც შსს აცხადებს, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

შვიდივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

აღნიშნული ორგანიზებული ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით დააკავეს”, – აცხადებ შსს.

როგორც შსს აცხადებს, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა ერთ-ერთ ინტერნეტ-პლატფორმაზე დაარეგისტრირეს მაღაზია, სახელით – “MEGASHOP”, რომლის მეშვეობითაც ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას, კერძოდ:

ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შემძენ პირებს უგზავნიდნენ, თანხა კი ერთ-ერთ ინტერნეტ-პლატფორმის ანგარიშზე ერიცხებოდათ”.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება. სამინისტროს ცნობით, სულ ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება და აბები: „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „ამფეტამინი“ და “კოკაინი”.

გარდა ამისა, როგორც შსს აცხადებს, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ავტომანქანები, დიდი ოდენობით თანხა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახდენდნენ. შსს-ს ინფომრაციით, ბრალდებულების მითითებით, პოლიციამ თბილისში სხვადასხვა ადგილიდან ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: