თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უახლოეს 2 თვეში დასრულდება გამოძიება – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სამსახურებრივი უფლებამოსილების, იარაღის გამოყენებით, შესაძლო გადამეტების ფაქტზე, რასაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინტენსიურად ტარდება ყველა საჭირო და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და შემაჯამებელ გადაწყვეტილებას უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიიღებენ.

როგორც პროკურატურა აცხადდებს, ამავდროულად, საქმეზე დანიშნულია კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის დასადგენად, რომელიც დღეის მდგომარეობითაც არ დასრულებულა.

პროკუტატურის განცხადებით, ამ ეტაპზე საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო და კომპლექსური (გენეტიკური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური) ექსპერტიზები.

მათი ინფორმაციით, გამოძიებამ გამოკითხა არაერთი პირი, მათ შორის- თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, მეზობლები. ასევე, როგორც პროკურატურა აცხადებს, გამოკითხულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები).

გარდა ამისა, პროკურატურის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნით, მათი და მათ მიერ მოწვეული ექსპერტების უშუალო მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ყველა ეტაპზე საგამოძიებო ორგანოსა და აღნიშნულ პირებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს კომუნიკაცია, ხოლო ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატები არაერთხელ გაეცნენ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს.

ვრცლად:

პროკურატურამ მაჩალიკაშვილის საქმის მასალები არ გაგვაცნო – ომბუდსმენის ანგარიში