ახალი ამბები

ტრისტან წითელაშვილი 9 მაისს ვაკის პარკში მისვლას იარაღით აპირებს

6 მაისი, 2019 •
ტრისტან წითელაშვილი 9 მაისს ვაკის პარკში მისვლას იარაღით აპირებს

ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ 9 მაისს მის წინააღმდეგ პროვოკაციაა მოსალოდნელი და ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე პატივის მისაგებად ცეცხლსასროლი იარაღით აპირებს მისვლას.

ამის შესახებ წითელაშვილმა თავდაპირველად პრაიმტაიმს განუცხადა, შემდეგ კი ნეტგაზეთსაც დაუდასტურა. წითელაშვილის თქმით, გასულ წლებში “9 მაისს მას არაერთხელ დაესხნენ თავს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები” და პოლიციამ ეს ინციდენტები ვერ აღკვეთა.

წითელაშვილის თქმით, ახლაც აქვს განცდა, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს, ამიტომ ის, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, პოლიციასაც მიმართავს, მაგრამ “ვალდებულია თვითონ დაიცვას თავი”.

წითელაშვილის განცხადებით, თუ მას თავს პოლიტიკური რეპლიკებით დაესხმებიან, ისიც სიტყვით უპასუხებს, თუ ფიზიკურად დაუპირისპირდებიან, პასუხს დაუბრუნებს, ხოლო თუ იარაღით ექნება თავდასხმას ადგილი, ისიც გამოიყენებს.

“სუსს და შსს-ს არაერთხელ მივმართე პროვოკაციის აღსაკვეთად, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ აკონტროლებენ. სხვის იმედად ვერ ვიქნები, ამიტომ ჯობია ჩემი თავი მეც დავიცვა”, – ამბობს წითელაშვილი.

“მე ყოველთვის იარაღით დავდივარ, სამხედრო მაღალჩინოსანი ვარ. კანონი მაძლევს ამის საშუალებას”, – ამბობს იგი.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი. ამ მუხლის დარღვევა დაჯარიმებასა და იარაღის ტარების უფლების 3-წლამდე ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს.

წითელაშვილი ამბობს, რომ ამ კანონის შესახებ იცის, თუმცა მისი პოზიციაა, რომ 9 მაისს სხვა ტიპის ღონისძიებს იმართება, რომელზეც ეს კანონი არ უნდა გავრცელდეს.

“ეს არის მემორიალთან მისვლა და პატივის მიგება, აქცია სხვა რამეა, საპროტესტო აქციებზე მე იარაღით არ დავდივარ”, – უთხრა ნეტგაზეთს წითელაშვილმა.

ზემოხსენებული კანონის თანახმად კი, „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით;

„მანიფესტაცია“ არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით.

9 მაისს ვაკის პარკში ე.წ. უკვდავი პოლკის მსვლელობაც იგეგმება.

წითელაშვილი, რომელიც 2016 წელს გაეხვა სკანდალში თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებზე უნებართვოდ შესაძლო შესვლის საკითხზე, ამბობს, რომ ის თავდაცვის სმაინისტროს თადარიგის ოფიციერთა ვეტარანთა კავშირის თავმჯდომარეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი