ახალი ამბები

ავიაკატასტროფა მოსკოვში – დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც

6 მაისი, 2019 • 5580
ავიაკატასტროფა მოსკოვში – დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც

მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. ბორტზე სულ 78 ადამიანი იმყოფებოდა. არიან დაშავებულებიც.

ავიაკომპანია “აეროფლოტის” თვითმფრინავი “სუხოი სუპერჯეტ 100” მოსკოვიდან მურმანსკის მიმართულებით ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 18 საათზე აფრინდა, თუმცა პილოტებმა ტექნიკური პრობლემის მიზეზით რამდენიმე წუთში მოითხოვეს უკან დაბრუნება. მალე მასთან კონტაქტი საერთოდ გაწყდა.

თვითმფრინავმა აეროპორტში დაშვება 28 წუთში, მეორე ცდაზე, რადიოკავშირისა და ავიადისპეჩერების დახმარების გარეშე მოახერხა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებზე აღბეჭდილია, რომ დაშვების მომენტში თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია.

რუსული მედიის ცნობით, დაშვებისას დაზიანდა შასები, შედეგად კი თვითმფრინავი ძლიერად შეეჯახა მიწას. ამ დროს საწვავის ავზებსა და ძრავებს გაუჩნდა ცეცხლი და მთლიანად დაიწვა თვითმფრინავის უკანა ნაწილი. მგზავრების ევაკუაცია 55 წამში მოხერხდა.

ერთმა მგზავრმა გადაიღო ვიდეო ცეცხლმოდებული თვითმფრინავის შიგნიდან, რომელიც ტვიტერზე გავრცელდა.


როგორც რუსული “ლაიფ ნიუსი” წერს, “შერემეტევოს” აეროპორტმა სათანადო დაუყონებლივი რეაგირება ვერ მოახდინა ავიაკატასტროფაზე. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტი ინფორმირებული იყო თვითმფრინავის ავარიულ მდგომარეობაზე, აეროპორტში დაბრუნებულ ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავს მეხანძრეები დროულად არ დახვდნენ და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყეს ცეცხლის ჩაქრობა.


“სუხოი სუპერჯეტ 100” რუსული წარმოებიც ახალი თვითმფრინავია, რომელსაც პრობლემები გამოშვების დღიდან ახლავს. ამ თვითმფრინავებს, ძირითადად, რუსული და აზიური ავიაკომპანიები ყიდულობენ. თვითმფრინავის ერთადერთმა ევროპულმა დამკვეთმა, ირლანდიურმა “City Jet-მა” საბოლოოდ უარი თქვა ლაინერის ყიდვაზე. არსებული ინფორმაციით, რუსეთის ავიამარეგულირებელმა ავიაკომპანიებს არაერთხელ შეატყობინა სხვადასხვა ტექნიკური პრობლემის შესახებ, რაც აღნიშნულ სამგზავრო თვითმფრინავს აღმოაჩნდა, თუმცა თვითმფრინავის გამოყენება არ აუკრძალავს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრობლემა უკავშირდება თვითმფრინავის დეტალებს, რომელიც ტიტანისგან მზადდება თუმცა, გამოვლინდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც აღნიშნული დეტალი ტიტანის ნაცვლად უფრო იაფფასიანი მეტალისგან იყო დამზადებული. გარდა ამისსა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროპული ავიაკომპანიები უარს ამბობენ ამ ახალი თაობის თვითმფრინავის ყიდვაზე, არის ნაწილების სიძვირე, დეფიციტი და ასევე მომსახურე პერსონალის კვალიფიციურობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი