ახალი ამბები

IDFI-მ ყველაზე დახურული საჯარო უწყების “სიგელი” იუსტიციის სამინისტროს გადასცა

3 მაისი, 2019 • 2149
IDFI-მ ყველაზე დახურული საჯარო უწყების “სიგელი” იუსტიციის სამინისტროს გადასცა

დღეს, 3 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვმდომობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა და 43 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულევა დააჯილდოვა.

2018 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებები

სიგელები გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომელმაც 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი შედეგი აჩვენა, მათ შორის არიან:

  • საჯარო სამსახურის ბიურო;
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახური;
  • გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;
  • გარემოს ეროვნული სააგენტო;
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;
  • სურსათის ეროვნული სააგენტო.

2018 წლის ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები

IDFI-მ 2018 წლის ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად იუსტიციის სამინისტროს სისტემა შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, გასულ წელს იუსტიციის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ უწყებებს (11 სსიპ-ი) მთლიანობაში გაეგზავნა 345 მოთხოვნა, საიდანაც 316 მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს. იუსტიციის სამინისტრომ 26 მოთხოვნიდან 25 უპასუხოდ დატოვა და მისმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებ3ლმა 3.85% შეადგინა.

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ 7 უწყების გარდა, კიდევ 8 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ IDFI-ის ყველა განცხადება:

  • ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
  • სახელმწიფო ხაზინა, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო;
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია;
  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერია;
  • კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
  • ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2018 წელს

მონიტორინგების შედეგების თანახმად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით მცირედით გაუარესდა. IDFI-ის ცნობით, 282 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6,413 მოთხოვნიდან სრულყოფილი პასუხი მიიღეს 3,653 განცხადებაზე, არასრულყოფილი- 493 მოთხოვნაზე, უარი – 33 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვეს 959 მოთხოვნა.

IDIF-ის ინფორმაციით, საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (20%) არ გაასაჯაროვა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ მოხსენებითი ბარათები.

როგორც IDFI აცხადებს, ასევე, პრობლემური იყო საწვავის მოხმარებაზე არსებული ლიმიტების დანახარჯების, უწყების წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავების და სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღება.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2010-2018 წლებში

ამ პერიოდში IDFI-მ საჯარო დაწესებულებებში  გაგზავნა 51,723 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, რაზეც პასუხი მიიღეს 42,965 შემთხვევაში.

IDFI-ის ცნობით, გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (90%) 2013 წელს იყო. მათი ინფორმაციით, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებ3ლი 82%-მდე შემცირდა, 2015 წელს – 86%, 2016 წელს- 85%, ხოლო 2017 წელს – 88%.

როგორც IDFI აცხადებს, 2018 წელს მიღებული პასუხების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 3%-ით შემცირდა და 2016 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა – 85%.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EMMI) ACCESS-ის პროექტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი