“უნამუსო სიცრუე” – ბოკერია მის მიერ მოლაშვილის წამების ინფორმაციაზე

ევროპული საქართველოს წევრი გიგა ბოკერია “უნამუსო და საოცარ სიცრუეს” უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 2004 წელს სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა 2 მაისს.

“მთელი ეს დღეები შალვა შავგულიძის წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანია ჩემი პერსონალური თემის გამოყენებით, რომელიც ეხება ბატონი [სულხან] მოლაშვილის საქმეს. მე თავს ვიკავებდი, რომ ამაზე ბევრი მესაუბრა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ადამიანი გარდაცვლილია… ეს საქმე წინა მთავრობისთვის საამაყო არანაირად არ არის, სტრასბურგის სასამართლოში წავაგეთ, ვაღიარეთ როგორც წაგებული საქმე… ბევრი შეცდომა იყო, სასამართლო ამ საქმეში დამოუკიდებელი არ იყო. მე ამით პოლიტიკურ სიმპათიას კი არ გამოვხატავ გარდაცვლილი ფიგურის მიმართ, ჩვენ ჩავარდნებზე ვლაპარაკობ. მაგრამ ის ბრალდება, რომელსაც ახლა შავგულიძის წინააღმდეგ იყენებენ სამთავრობო კლონები სოციალურ ქსელებში, სამთავრობო სპიკერები, არის აბსოლუტურად უსინდისო სიცრუე.

ამ საოცარ სიცრუეს, რომელსაც ბატონმა შალვამ ამომწურავი პასუხი გასცა და ივანიშვილის სპიკერი, მოსამართლე მურუსიძე მას ძალიან უზნეოდ სთხოვდა, რომ საკუთარ კლიენტზე თქვი, იტყუებოდა თუ არაო. მან გასცა ამომწურავი პასუხი: მისი ადვოკატი ვიყავი და ეს არასოდეს უხსენებიაო, თვითონ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში, სარჩელში, რომელიც შეიტანა ამ აწ გარდაცვლილმა ადამიანმა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების წნეხის ქვეშ აღარ იყო, მთავრობას უჩიოდა, ანუ არაფერს ერიდებოდა, მას არასოდეს დაუწერია ვინმეს გვარი, უცნობმა პირებმა [მაწამესო].

მე არათუ ამ სამარცხვნო ამბავთან მქონია ვინმეზე ფიზიკური ზემოქმედების კვალი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს არცერთ პატიმართან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ოპოზიციაში როცა ვიყავი და სამოქალაქო სექტორში, მაშინ ვყოფილვარ ციხეში და მთავრობაში ყოფნისას არასოდეს.

ეს არის სიცრუე, არ ვიცი, რატომ მოუვიდა ამ ადამიანს, ვინ სთხოვა “ქართულ ოცნებაში”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი თანამდებობის უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით 2004 წელს დააკავეს. დაკავებიდან მალევე საზოგადოებამ იხილა ფოტოები, რომელზეც ნაწამები სულხან მოლაშვილი იყო აღბეჭდილი. მას მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, სხეულზე უამრავი ჩაქცევა და სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა.

სულხან მოლაშვილმა “მეცხრე არხის” ეთერში 2012 წელს  დაასახელა ის პირები, რომლებიც მისი თქმით, ციხეში მის წამებას ესწრებოდნენ და ამაში მონაწილეობდნენ:

“ესენი გახლავთ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, გრიგალაშვილი და სხვები. არყით გაჟღენთილი, მთვრალი, ელექტროშოკით და სიგარეტის გამოყენებით მაწამეს. ისინი მოითხოვდნენ, მხოლოდ ერთი წინადადება დაწერე, რომ სააკაშვილის მიერ იუსტიციის მინისტრობისას გაფლანგული ფულის შესახებ კონტროლის პალატის მიერ გაკეთებული დასკვნები თითქოსდა შევარდნაძის პოლიტიკური შეკვეთა ყოფილიყო. მხოლოდ ამ ერთ ფრაზას ითხოვდნენ. როცა ეს ამბავი გახმაურდა, სტრასბურგის წყალობით ეს შეწყდა”.

მოლაშვილმა ციხეში 3 წელზე მეტი გაატარა, ბოლოს პატრიარქის თხოვნით შეიწყალეს. გათავისუფლების შემდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა და საქართველოს ხელისუფლება მის უკანონო და პოლიტიკური ნიშნით დაკავებაში დაადანაშაულა.

სულხან მოლაშვილი 2016 წელს გარდაიცვალა.