უშუქობის გამო ქუთაისის “ეშმაკის ბორბალზე” 20 ბავშვი, საბაგიროზე კი 5 მგზავრი გაიჭედა

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად, ქუთაისის პარკის “ეშმაკის ბორბალზე” 20 მოზარდი, ხოლო საბაგიროზე 5 მოქალაქე გაიჭედა, რომლებიც მაშველებმა უვნებლად ჩამოიყვანეს.

საბაგიროს ხელმძღვანელმა, კახა კუხიანიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მგზავრები მაქსიმუმ 35 წუთით იყვნენ ვაგონებში გაჭედილი.

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ქუთაისის გარდა, ელექტროენერგიის გათიშვის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით მსგავსი შემთხვევები არსად დაფიქსირებულა.

დღეს, 2 მაისს, ქუთაისობა აღინიშნება. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ამ დღის აღსანიშნავად ქუთაისის პარკში არაერთი მოქალაქე სეირნობდა.

დენის მიწოდება თბილისსა და რეგიონებს ელექტროსადგურ “იმერეთის” ავარიის გამო შეუწყდა