ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის წევრებთან ერთად, მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას დაეთმობა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს, 18:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება. მასზე განიხილავენ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმების საკითხს.
მთავრობის განცხადებით, ე.წ. ხელშეკრულების საკითხის გარშემო გაიმართა არაერთი შეხვედრა, როგორც მთავრობის წევრებს შორის, ასევე, უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს ფორმატში.
ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებებს, უცხოეთში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს მიეცათ კონკრეტული დავალებები. ინფორმაციები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაეგზავნათ საქართველოში მოქმედ უცხოურ დიპლომატიურ მისიებს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებს.