აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შსს-ს და სახალხო დამცველს გუშინ დაუკავშირდა. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ ფაქტს გაარკვევენ. ომბუდსმენის აპარატში კი განაცხადეს, რომ სახალხო დამცველი და მსგავს საკითხებზე მომუშავე პირი ამჟამად მივლინებაში არიან და დღეს კომენტარს ვერ გააკეთებენ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას რასისა და იდენტობის შემადგენელი სხვა ნიშნების საფუძველზე. კონსტიტუციით დაცულია ადამიანის ღირსებაც. დისკრიმინაციისა და ადამიანის ღირსების შემლახავი ფაქტების სიხშირის მიუხედავად, ამ მუხლების დარღვევის საფუძველზე საქართველოში ჯერ არც ერთი ადამიანი არ გასამართლებულა.