23 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება საქართველოში გამოკვლეული ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია – აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა.
ტყვია ტოქსიური მეტალია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება დედამიწის ქერქში. მის ფართოდ გამოყენებას შედეგად მოჰყვა გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება. ტყვიის ნეიროტოქსიკური გავლენისგან განსაკუთრებით დაუცველები ბავშვები არიან: ტყვიით მოწამვლა იწვევს გონებრივი განვითარების შეფერხებას, ქვეითდება ინტელექტუალური კოეფიციენტი, მცირდება ყურადღების კონცენტრაცია, იზრდება ანტისოციალური ქცევა და სხვა. ტყვია საზიანოა ზრდასრულებისთვისაც და შეიძლება დააზიანოს თირკმელი, საჭმლის მომნელებელი ორგანოები, გამოიწვიოს მაღალი წნევა და ა.შ.
ტყვია ბევრ პროდუქტში გამოიყენება, მაგალითად: საღებავში, ფერად მინაში, ბროლის ჭურჭელში, სამხედრო აღჭურვილობაში, კერამიკაში, სამკაულებში, სათამაშოებში, კოსმეტიკასა და ხალხურ სამკურნალო საშუალებებში.
სასმელი წყალი, რომელიც მოედინება ტყვიის ან ტყვიით შედუღებული მილებიდან, ასევე შეიძლება შეიცავდეს ტყვიას. გარდა ამისა, ინდუსტრიული ნარჩენებითა და საწვავის გამონაბოლქვით დაბინძურების შედეგად ნიადაგის ზედაფენა, შესაძლოა, ასევე შეიცავდეს ტყვიას, დაბინძურებული ნიადაგიდან და საძოვრებიდან კი საკვებ პროდუქტებში მოხვდეს.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში სისხლში ტყვიის დონე განესაზღვრა 2-დან 7 წლამდე ასაკის 1 578 ბავშვს. სინჯები გაიგზავნა ევროპის წამყვან, იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ლაბორატორიაში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბავშვების სისხლში ტყვიის დონის კვლევის შედეგების გამოქვეყნების პარალელურად რეკომენდაციებს ავრცელებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ტყვიის ზემოქმედებისაგან.
ტყვიით ინტოქსიკაციის შედეგად ბავშვების უმეტესობას არ აქვს სიმპტომები გამოკვლევის მომენტისათვის. თუ სიმპტომები არსებობს, ისინი ძალიან მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს ანორექსია, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, აღგზნებადობა და გაღიზიანება. ასევე, ვლინდება განვითარების სხვადასხვა ხარისხის შეფერხებები. მძიმე ენცეფალოპათია ვლინდება სისხლში ტყვიის ძალიან მაღალი კონცენტრაციისას (45 მკგ/დლ-ზე მეტი). ტყვიის ძალიან მაღალმა კონცენტრაციამ (>100–150 მკგ/დლ) შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე სიმპტომები; ისეთი, როგორიცაა ანორექსია, ატაქსია, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა და სიკვდილიც კი. შედარებით დაბალი კონცენტრაციები დაკავშირებულია განვითარებისა და ქცევის პრობლემებთან და ნეიროკოგნიტურ დეფიციტებთან.
ტყვიის ზეგავლენით ბავშვებში ქვეითდება ინტელექტუალური კოეფიციენტი, მცირდება ყურადღების კონცენტრაცია, იზრდება ანტისოციალური ქცევა. მოსალოდნელია რკინადეფიციტური ანემიები.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ მოსალოდნელია ღებინება, შეკრულობა და მუცლის ტკივილი, ზრდაში ჩამორჩენა, წონის კლება, საერთო სისუსტე.
ტყვიით ინტოქსიკაციის შედეგები ასევე მოიცავს ჰიპერტენზიას, სპერმის პროდუქციის პრობლემებს.
ტყვიის მაღალი შემცველობის დონე სისხლში ზრდასრულებსაც უქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს. მას შეუძლია გამოიწვიოს ორსულობისას – ნაადრევი მშობიარობა, ორსულობის სპონტანური შეწყვეტა, ნევროლოგიური დარღვევები, ნაყოფის ზრდის შეფერხება და დაბალი წონა ჩვილის დაბადებისას.
ტყვიის შემცველობა სისხლში უარყოფით გავლენას ახდენს რეპროდუქციულ უნარზეც, მამაკაცებში იწვევს სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას, პათოლოგიური სპერმის სიხშირის მატებას. ქალებში – ჩასახვის შეფერხებას. ტყვიით ინტოქსიკაცია მოქმედებს სხვადასხვა ორგანოზე, მათ შორის- თირკმელებზე, ტვინზე, გულზე, ძვლებზე და ა.შ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სოფლებში ტყვიის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქებში.