ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ ითხოვენ მუფთები მეჩეთის ნაცვლად მედრესესა და რეზიდენციას

22 ოქტომბერი, 2014 • 2708
რატომ ითხოვენ მუფთები მეჩეთის ნაცვლად მედრესესა და რეზიდენციას

ექვსპუნქტიან მიმართვაში, რომელსაც 23 ადამიანი, მათ შორის აჭარის მთავარი მუფთი – ჯემალ პაქსაძე და მუნიციპალიტეტების სხვა მუფთებიც აწერენ ხელს, წერია: “ქ. ბათუმში მოქმედ “ორთა ჯამეს” გაფართოების ან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ალტერნატივად, მოვითხოვთ სახელმწიფომ უზრუნველყოს ბათუმის “ორთა ჯამეს” რეკონსტრუქცია-რესტავრაცია და სათანადოდ მოწყობა”.

ცოტა ხნის წინ აჭარაში მყოფმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ბათუმში მეჩეთი აშენდებოდა, მანამდე იყო საუბარი არსებული მეჩეთის გაფართოებაზე, უფრო ადრე ყოფილმა პრემიერმა – ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ბათუმში მეჩეთს საკუთარი სახსრებით ააშენებდა.

მაშინ, როცა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები აჭარის მუსლიმ მოსახლეობას წლებია ჰპირდებიან, რომ მეჩეთის აშენების უფლებას მისცემენ, მრევლისთვის სრულიად მოულოდნელი იყო მათი სასულიერო ლიდერების ახალი მოთხოვნის გაჟღერება – საკუთარი ინიციატივით უარის თქმა საკულტო ნაგებობის აშენებაზე. მუსლიმები ირწმუნებიან, რომ ჯემალ პაქსაძე დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

თავად ჯემალ პაქსაძე ამ საკითხზე სმს-ით შემდეგს გვატყობინებს: “არანიარი ზეწოლა არ ყოფილა. მეჩეთიც გაკეთდება და ყველაფერი, რაც გვინდა. ვიღაცას არასწორად გაუგია. დაველოდოთ პრემიერის გადაწყვეტილებას”.

ექვსპუნქტიან მიმართვას ხელს აწერს ხულოს მუფთი ასლან აბაშიძეც. ის “ბათუმელებთან” ადასტურებს, რომ არ უმუშავია დოკუმენტის შედგენაზე, რომელსაც ხელი მოაწერა, მაგრამ ასევე ირწმუნება, რომ მის მიმართ არავითარი ზეწოლა არ ყოფილა: “მე, პირადად, ხელი მოვაწერე ჩემი საკუთარი ნებით, გააზრებულად. მე არც მრცხვენია და არც მეშინია. კარგად ვიცი, ხელი რასაც მოვაწერე”.

ბათუმში მუსლიმები ღია ცის ქვეშ ლოცულობენ 4.10.2014

ასლან აბაშიძის თქმით, “ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა არაფერს ცვლის და მეჩეთი აშენდება. ერთი წერილის დაწერა არაფერია. თუ მასეა, ბევრი წერილი გვაქვს დაწერილი და ბევრჯერაც სიტყვიერად მოგვითხოვია მეჩეთი”.

პრემიერ ღარიბაშვილისადმი კიდევ ერთი თხოვნა მუსლიმ სასულიერო პირებს ასე აქვთ ჩამოყალიბებული: “სახელმწიფომ უზრუნველყოს ქ. ბათუმში, ანგისის ქ. #39-სა და #41-ში მდებარე მიწის ნაკვეთებისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის შესყიდვა და სსიპ “სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს” გადაცემა, სადაც განთავსდება მუსილმთა უმაღლესი რელიგიური სასწავლებელი (მედრესე) და დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენცია”.

ასლან აბაშიძის თქმით, “ადლიაში ნაკვეთებს სახელმწიფო გვთავაზობს, მაგრამ შედეგს რომ დავინახავთ, იმის მერე ვილაპარაკოთ. ეს ჯერ დიალოგის თემაა. საჯარო რეესტრის საბუთი რომ გვექნება ხელში, კონკრეტულ შედეგზე მაშინ ვილაპარაკებთ. ბატონ პრემიერთან შეხვედრა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია”.

“სახელმწიფომ უზრუნველყოს ქ. ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში მდებარე კერძო პირების საკუთრებაში არსებული 8000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მესაკუთრეთა მიერ უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს, განათლების სამინისტროს მიერ სკოლა-ინტერნატის აშენება, სადაც ისწავლიან და იცხოვრებენ აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები”, – ეს მიმართვის კიდევ ერთი პუნქტია.

მუსლიმების ინფორმაციით, ეს მიწის ნაკვეთი, რომელზეც წერილშია საუბარი, თურქეთის მოქალაქის საკუთრებაა.

რა რეაქცია ჰქონდათ მუსლიმებს მათი სულიერი ლიდერების მიერ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ? მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე ამბობს:

პირველ რიგში მინდა გითხრათ ჩემს მიერ არაერთხელ გაჟღერებული დამოკიდებულება მუსლიმთა სამმართველოს მიმართ. ეს ორგანო შექმნილია სახელმწიფოსა და არა მუსლიმებისა მიერ, რომელთა დამფუძნებლები მართლმადიდებელი ქრისიანებიც არიან. ეს ხშირად ვლინდება ბატონი ჯემალ პაქსაძის, მრევლის ნების საწინაარმდეგო განცხადებებშიც. ბატონი პაქსაძე ამბობდა, რომ მეჩეთი უნდა გაფართოვდეს, რითაც საუკუნოვანი პრობლემის მოგვარებას, ბატონი პრემიერ-მინისტრის დავით აღმაშენებელზეც აღმატებულობას გვმაცნობდა. სამი თვის შემდეგ ხელს აწერს მოთხოვნას, სადაც ფიქსირდება, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობის ან არსებული მეჩეთის გაფართოების ალტერნატივად, სურს რეზიდენცია მოიწყოს.

სხვათა შორის ცდილობდნენ, რომ არნიშნულ მოთხოვნაზე მეც მომეწერა ხელი. რაზედაც უარი მიიღეს. მე ვფიქრობ, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი, გასცდა მხოლოდ მეჩეთის, როგორც საკულტო ნაგებობის დანიშნულებას. ეს ერთდაგვარი დემოკრატიული განვითარების საზომიცაა ჩვენს ქვეყანაში.

ისმება კითხვა: რატომ მოითხოვა სახელმწიფომ ასეთი „მოთხოვნა“ გაეკეთებინა მუსლიმ მრევლის ეგრეთ წოდებულ წარმომადგენლობას? ვფიქრობ ამას რამდენიმე მიზეზი უდევს საფუძვლად. პირველი: თურქეთის რეილიგიათა სამმართველოს ლიდერისა და საქართველოს პატრიარქის შეხვედრა, სადაც, სავარაუდოდ, გადაწყდა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხი. ალბათ ამიტომ საჭირო გახდა ქართველი მუსლიმების მიერ ბათუმში ახალი ქართული მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნის საკითხის ჩახსნა.

რელიგიათა სახელმწიფო საგენტოს ხელმძღვანელის ზაზა ვაშაყმაძის რეაქცია, როცა ეკითხებიან ჟურნალისტები თურქეთ საქართველოს რელიგიური პირების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთგაროვნად მიუთითებს ჩემი სიტყვების სიმყარეზე. ბატონი ზაზა ამბობს, რომ „ბათუმში აშენდება მეჩეთი, ქართული ფულით.“ კითხვაზე აზიზიე იქნება ეს მეჩეთი თუ სხვა? ორაზროვანი პასუხით იფარგლება და აშკარად ღელავს. ერთი სიტყვით ბათუმში მეჩეთის მშენებლობა გადაწყვეტილია.

რა თქმა უნდა, ეს ქართული ფულით აშენდება, იმიტომ, რომ თურქეთი თურქული ფულით აწარმოებს თურქეთში მდებარე ქართულ ტაძრების რესტავრაციას. მეორე; თუ ბათუმში ქართველი მუსლიმები შევძლებთ ავაგოთ ახალი მეჩეთი ეს ერთგავრი აღიარებაა, რომ საქარველოში ქართველ მუსლიმებს შეგვიძლია ჩვენი უფლებების რეალიზება. ეს მეორეს მხრივ ხელს უშლის იმ ტემპს, რომელიც ხელსაყრელ პირობებს ქმნის რელიგიის ცვლილებასთან დაკავშირებით. მესამე; სახელმწიფო ცდილობს საერთაშორისო არენაზე მოაგვაროს მეჩეთთან დაკავშირებული უფლებების რეალიზების საკითხი, რადგან ბათუმში ქართველმა მუსლიმებმა დავამტკიცეთ, რომ  გვესაჭირეობა მეჩეთი და ეს აზრი არ მოდის სხვა ქვეყნებიდან.

ბატონმა პაქსაძემ ხელი მოაწერა და მოაწერინა კიდეც რამდენიმე მის ქვეშევრდომს, თუმცა მან კარგად იცის, რომ ეს მისთვის არ არის მომგებიანი და ღიად ვერ აფიქსირებს, რომ მას უარი ათქმევინეს ახალი მეჩეთის მშენებლობაზე. ეს განპირობებულია მრევლის დამოკიდებულებით საკითხის მიმართ. შეიძლება რამდენიმე თვე მრევლი დაელოდოს, მაგრამ საბოლოოდ მაინც იფეთქებს ეს საკითხი და შესაძლებელია ცუდი შედეგებიც მოიტანოს.

სახელმწიფოს ეს ხელმოწერილი მოთხოვნა საერთაშორისო არენაზე სჭირდება, რათა დადოს დოკუმენტი, რომლითაც შეეცდება დაადასტუროს, რომ ქართველი მუსლიმები თითქოს აღარ ვითხოვთ მეჩეთის მშენებლობას და ეს პრობლემა მოგვარებულია.

დღეს მეჩეთზე უარის თქმა ისედაც დაამძიმებს არსებულ უფლებრივ მდგომარეობას, იმ ფონზე რა ფონიც გვაქვს მუსლიმ თემს საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს. ქობულეთში მუსლიმთა პანსიონატზე ღორის თავის აკვრას დაემატა გუშინდელი ფაქტი, რომელიც ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში განვითარდა. სახელმწიფომ ძველი მეჩეთის დემონტაჟი და კლუბის მოწყობა გადაწყვიტა. ყოველივე ზემოხსენებული მოვლენები მყარი საფუძველია საქართველოში ფეხი მოიკიდოს ისლამის იმ რადიკალურმა მიმდინარეობებმა, რომელიც ვფიქრობ არ იქნება ჩვენი ქვეყნისათვის სახარბიელო მოვლენა. თუ თვალს გადავავლებთ თანამედროვე მსოფლიოს ამის საფრთხე დღითი დღე იზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი