საქართველოში ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს – ეროვნული კვლევა

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) დახმარებით 2018 წელს ჩატარდა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად მასშტაბური კვლევა. ამ კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ-ის (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

საქართველოს რეგიონების მიხედვით განსხვავდება ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მონაცემები. ამ კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია. ნახეთ დეტალურად:

დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. ტყვიის დონის განსასაზღვრად ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1 578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS), რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს. ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მასსპექტრომეტრი (ICP MS), რაც  წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო სტანდარტს.

როგორც დააავდებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.

“გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ,სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლის მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო”, –  განაცხადა გოტფრიდ ჰანემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ. მისივე თქმით, “ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას და მთავრობის მზაობას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები. შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს”. გოტფრიდ ჰანეს კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

დააავდებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულია შემდეგი ნაბიჯები:

სახელმწიფო უწყება ირწმუნება, რომ მთავრობა მუშაობს ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით;  საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია  (WHO) და მსოფლიო ბანკი.