“პერსპექტივაში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი შეთანხმება არც საქართველოსთვის და არც ჟენევის მოლაპარაკებებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს,” – განაცხადა ლუკაშევიჩმა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთი და რუსეთი შეძლებენ მოილაპარაკონ ახალ შეთანხმებაზე, რომელიც ორივე მხარის ინტერესებშია.
რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა. შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ.
“პასუხებზე მეტი კითხვებია. ბევრ პუნქტში საუბარია სუვერენიტეტის დაკარგვაზე,”- ასე შეაფასა აფხაზეთის პარლამენტის სპიკერმა, ვალერი ბგანბამ რუსეთ-აფხაზეთის ახალი შეთანხმების პროექტი.
რუსეთ-აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ახალი შეთანხმების პროექტის შესამუშავებლად, აფხაზეთში პარლამენტის დეპუტატების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
შეთანხმების რუსულ პროექტზე ნეგატიური შეფასებები საქართველოს ხელისუფლებაშიც გაკეთდა.
|
||||