რა კრიტიკული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, პარლამენტმა მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი უნდა დანიშნოს უვადოდ; შერჩევის კრიტერიუმებად უნდა განისაზღვროს მოსამართლეების გამოცდილება და დამოუკიდებლობა; არამოსამართლე წევრებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის საჭიროება უნდა გადაიხედოს.

ვენეციის კომისიამ 16 აპრილს გამოაქვეყნა რეკომენდაციები პარლამენტის მიერ მოსამართლეების უვადოდ განწესებასთან დაკავშირებით. რეკომენდაციებში ასახულია ის შეთავაზებები, რომელთა საჭიროებაზეც არასამთავორობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ პარლამენტს.

კომისია წერს, რომ მიესალმება ცვლილებებს სამივე — საერთო სასამართლოების, პროცედურებისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ — კანონპროექტში, თუმცა მათში შემდეგი ცვლილებები უნდა შევიდეს:

[red_box]მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილის დანიშნვა[/red_box]

ახლანდელი კანონითა და მმართველი გუნდის შემოთავაზებული ცვლილებებით, უზენაეს სასამართლოს ეყოლება მოსამართლეთა ახალი შემადგენლობა, — უვადოდ დაინიშნება 18-დან 20-მდე მოსამართლე.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, პარლამენტმა მოსამართლეები უვადოდ უნდა დანიშნოს არა ყველა ვაკანტურ ადგილზე, არამედ მოსამართლეთა მხოლოდ ის რაოდენობა, რაც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციითვე, ის, თუ რამდენი მოსამართლეა ამისთვის საჭირო, უნდა გადაწყდეს უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციების შემდეგ. მოგვიანებით კი, უკვე ახალი პარლამენტი, რომელსაც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე აირჩევენ [2020 წელს], დანიშნავს მოსამართლეებს დარჩენილ ადგილებზე. კომისიის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილება გაათავისუფლებს უზენაეს სასამართლოს არსებული ტვირთისგან და ხანგრძლივ პერიოდში ისეთი სანდოობის გარანტი იქნება, რასაც ეს ინსტიტუტი იმსახურებს.

მინიმალური ასაკი და გამოცდილება

საჭიროა მოსამართლეების მინიმალური ასაკის აწევა,  მეტი ყურადღება უნდა მიექცეს კანდიდატის გამოცდილებას, ასევე, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დამოუკიდებლობასა და მრავალფეროვნებას.

[red_box]საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ[/red_box]

უნდა გადაიხედოს  უზენაესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებისთვის დაწესებული მოთხოვნა, ჩაბარებული ჰქონდეთ საკვალიფიკაციო გამოცდა. ამის მიზეზი ის არის, რომ მხოლოდ „სამართლალწარმოებაში გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი“ შეიძლება უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრი გახდეს. ადამიანები, ვისაც ასეთი კვალიფიკაცია აქვთ, არ უნდა იყვნენ იძულებული, რომ გამოცდა გაიარონ იმის დასადასტურებლად, რომ სამართლის საკითხებზე მუშაობა შეუძლიათ, რაც უზენაეს სასამართლოში მუშაობის არსია.

[yellow_box]ფარული კენჭისყრა[/yellow_box]

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს. კანდიდატების კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს, პროცედურა კი – ობიექტურ კრიტერიუმებზე დამყარებული. ეს იმის შესაძლებლობას გააჩენს, რომ პარლამენტს საუკეთესო კანდიდატების სია წარედგინოს.

[yellow_box]დანარჩენი რეკომენდაციები[/yellow_box]


„თბილისში გამართული შეხვედრებისას ვენეციის კომისიის დელეგაციას აცნობეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამჟამად დაბალი ნდობით სარგებლობს საზოგადოების დიდ სეგმენტში. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია ვერ შეაფასებს, საფუძვლიანია თუ არა ეს, იუსტიციის ისეთი უმაღლესი საბჭოს ყოლამ, რომელიც არ სარგებლობს სრული საჯარო ნდობით, და სიტუაციამ, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა არჩევნებს შორის პერიოდში უვადოდ ამწესებს უზენაესი სასამართლოს თითქმის ყველა მოსამართლეს, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საზოგადოების მაღალ ნდობას, რაც ისეთ ინსტიტუტს, როგორიც უზენაესი სასამართლოა, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა ჰქონდეს“, — წერს ვენეციის კომისია.