საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და წინასწარ პატიმრობაში დატოვა 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულები. დაცვის მხარე დაკავებულთა გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.

საქმეზე დაკავებულები არიან ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე. მათ ბრალად ედებათ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკველობის ჯგუფურად ჩადენა.

მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 24 აპრილს დაიწყება.


25 წლის ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისის ცენტრში, ბარ „ვარშავის“  (პუშკინის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. საფაროვის ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულები ერთ-ერთი ქართული ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან და მკვლელობაც ქსენოფობიურ ნიადაგზე მოხდა.

“შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ უფლებადამცველი სწორედ იმ დაჯგუფების წარმომადგენლების მსხვერპლი გახდა, რომლებიც საზოგადოებაში აღვივებენ რასიზმს და ქსენოფობიას”, – ნათქვამია საფაროვის ოჯახის ადვოკატის მიერ 16 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.