რუსეთი ჩინეთთან ხელს მოაწერს დოკუმენტს გაზის “აღმოსავლეთის მარშრუტით” მიწოდების შესახებ

ამ ინფორმაციას “იტარ ტასი” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენელ ალექსეი გრუზდევზე დაყრდნობით ავრცელებს.


“გაზპრომსა” და ჩინეთის ნავთობისა და გაზის ეროვნულ კორპორაციას შორის 21 მაისს გაფორმდა კონტრაქტი გაზის ჩინეთში აღმოსავლეთის მარშრუტით მიწოდების შესახებ 30 წლის განმავლობაში. კონტრაქტის მთლიანი ღირებულებაა 400 მილიარდი აშშ დოლარი.


აღმოსავლეთის მარშრუტი ითვალისწინებს რუსეთიდან ჩინეთში წელიწადში 38 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას მაგისტრალური გაზსადენით “სილა ციმბირი”.


დღეს რუსეთის ფედერაციაში იწყება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის ვიზიტი, რომელთანაც ხვალ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს რუსეთის პრემიერი დმიტრი მედვედევი. რუსეთის მედიის ცნობით, შესაძლოა ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც მიიღოს. 


რუსეთის პრეზიდენტმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოსკოვი უფრო პერსპექტიულად მიიჩნევს თანამშრომლობას აღმოსავლეთის ქვეყნებთან, პირველ რიგში კი – ჩინეთთან. იმავდროულად ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ჩინეთი ყოველთვის დაინტერესებული იქნება თანამშრომლობის გაღრმავებით რუსეთთან იმის მიუხედავად, თუ როგორ იცვლება მსოფლიოს პოლიტიკური სიტუაცია.


შეგახსენებთ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ დასავლეთმა რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია დაუწესა.