მომავალი წლის ბიუჯეტი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში გამართულ დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და კომიტეტის წევრებს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
მომავალი წლის ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება მთლიანობაში 829 მლნ. ლარითაა განსაზღვრული. მათ შორის, სკოლების ვაუჩერული დაფინანსება შეადგენს 112 მლნ. ლარს. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება 110 მლნ. ლარზე მეტი. სხვადასხვა პროგრამებზე, მათ შორის მეცნიერთა ხელშეწყობისათვის გათვალისწინებულია 60 მლნ. ლარი. ასევე გაგრძელდება ის პროგრამები, რომლებიც ცოტა ადრე დაიწყო, ესაა მოსწავლეთა უფასო სახელმძღვანელობით უზრუნველყოფა, მათი ტრანსპორტირება სკოლებში და ა.შ.
თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის წარმოდგენილი პარამეტრები საბოლოო არაა, ვინაიდან მთავრობა, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო, დღემდე მუშაობს დამატებითი შემოსავლების მოძიებაზე და ზოგიერთი პარამეტრი, სავარაუდოდ, შეიცვლება.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს საბოლოო სურათი ოქტომბრის ბოლოსთვის ექნება, როდესაც მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის მონაცემები გახდება ცნობილი.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი იმ დათქმით დაუჭირეს, რომ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გათვალისწინებული იქნება.
