ჯიშკარიანის და შაქარიშვილის გასვლა მოულოდნელი არ ყოფილა – დავითულიანი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბექა დავითულიანის თქმით, ჯაბა ჯიშკარიანისა და ვატო შაქარიშვილის უმრავლესობიდან გასვლა მოულოდნელი არ ყოფილა.

დავითულიანის განცხადებით, ისინი პოლიტიკურ მომავალს სხვა ორგანიზაციას უკავშირებენ.

“ისინი უკავშირებენ თავის პოლიტიკურ მომავალს სხვა ორგანიზაციას, რომელსაც ასევე აქვს დეკლარირებული თავისი პოლიტიკური მიზნები. აღნიშნულზე მათი პოზიცია აქამდეც იყო ცნობილი და მოულოდნელი არავისთვის ყოფილა”, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტების კითხვაზე, იზიარებს თუ არა ჯიშკარიანისა და შაქარაშვილის პოზიციას მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე, ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღესდღეობით ამის საფუძველი არ არსებობს:

“ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე. არა  მხოლოდ მე, არამედ სხვებმაც. ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის საკითხი და ეხება მოსამართლეების არჩევის წესს. მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით მიდის დისკუსია და ყალიბდება ეს კრიტერიუმები. კრიტერიუმების არასწორად მიღების შემთხვევაში შეიძლებოდა, ეს პოზიცია ყოფილიყო გაზიარებული და სწორი. დღესდღეობით არ არსებობს…”

ჯიშკარიანმა და შაქარაშვილმა ფრაქცია “ქართული ოცნება” დღეს, 11 აპრილს, დატოვეს და განაცხადეს, რომ “დაიცავი საქართველოს” უერთდებიან. მათი თქმით, პარტია 2012 წლის ოქტომბრის დაპირებებს ასცდა. დეპუტატებმა განსაკუთრებული ყურადღება მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე გაამახვილეს. ფრაქციიდან გასვლის შემდეგ ორივე მათგანი საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩება.