მედიის განვითარების ფონდმა (MDF) სოციალური ქსელის მიმოხილვის ახალი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციის განცხადებით, გამოვლინდა იდენტობის ქურდი ფეისბუკის 15 პროფილი.
ფონდის ინფორმაციით, 15-დან 11 რუსული სოციალური ქსელების – ოდნოკლასნიკებისა (3) და VKontakte-ს (8) – მომხმრებლების იდენტობას იპარავს, 2 – სერიალის პერსონაჟების, 1 – ფეისბუკ მომხმარებლის, ხოლო 1 – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ჟურნალისტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის.
შენიშვნა: ტროლების ნაწილმა ფეისბუკი უკვე გააუქმა
როგორც მედიის განვითარების ფონდის მიმოხილვაში ვკითხულობთ, 15-დან 9 ტროლს ყველაზე ხშირად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ღონისძიებების ამსახველი ფოტოები აქვს მოწონებული, ბევრ მათგანს კი- უშუალოდ სამინისტროს პოსტები გაზიარებული.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გამოვლენილი საეჭვო პროფილები სოციალურ ქსელებში ხელისუფლების, მმართველი პარტია ქართული ოცნებისა და მისი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერ პოსტებს ან კომენტარებს აქვეყნებენ.
ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული პროფილები ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკულ პოსტებზე მწვავედ რეაგირებენ და საპირისპიროს დამტკიცებას თავიანთი კომენტარებით ცდილობენ.
გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ტროლები ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტების და სხვა ფეისბუკ მომხმარებლების პოსტების ან ინფორმაციის შინაარსს თავიანთ კომენტარებში ეჭვქვეშ აყენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პოსტების ავტორები თავიანთ მოსაზრებებს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ”, – ვკითხულობთ MDF-ის დოკუმენტში.
ფონდის ანალიზით, ერთი და იგივე ტროლები კონტრკომენტარებს, რომელთა მიზანი ხელისუფლების ქმედებების გამართლება იყო, განსხვავებულ თემატიკაზე წერდნენ, იქნებოდა ეს ტაქსებზე დაწესებული რეგულაციები, 2008 წლის ომი, დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციის შეჩერების მიზანშეწონილობა თუ სხვა საკითხები.
მედიის განვითარების ფონდის განცხადებით, ტროლების სამიზნე, TBC ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციები და კრიტიკული მედიაა, რომელთა წინააღმდეგ პოსტები კამპანიურად ქვეყნდება და ერთგვაროვანი შინაარსისაა.
ამავე თემაზე:
სააკაშვილი აღიარებს, რომ არჩევნებზე ყალბი ამბების გვერდებს მისი მხარდამჭერები ქმნიდნენ