დეპუტატების ოჯახის წევრები და ნათესავები თანაშემწეებად

დეპუტატების ასეთი და სხვა კავშირების შესახებ ინფორმაციის მოძიება დღეიდან ვებ-გვერდზე www.deputati.ge იქნება შესაძლებელი. აღნიშნული პორტალის და ვებ-გვერდ  www.kavshirebi.ge-ს პრეზენტაცია დღეს “მონაცემთა ჟურნალისტურად დამუშავების ცენტრმა” “ფრონტლაინ კლუბში” გამართა.

 

პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გიორგი ფხაჭიაშვილის თქმით, ამ პლატფორმების საშუალებით დაინტერესებული პირი მარტივად მოძებნის და დაინახავს, თუ როგორ უკავშირდებიან პარლამენტარები სხვა ორგანიზაციებსა და პერსონებს:

 

“იქვე ნახავთ ამ კავშირების დამადასტურებელ მულტიმედია დოკუმენტაციას. თითოეულ კავშირს გამომძიებელი ჟურნალისტები ჟურნალისტური მეთოდებით და სტანდარტების დაცვით იძიებენ, ასაბუთებენ და ინოვაციური ფორმით მიაწვდიან საზოგადოებას.”

kavshirebi.ge-ს და deputati.ge-ს პრეზენტაცია. 30.09.2014. ფოტო: გიორგი დიასამიძე
kavshirebi.ge-ს და deputati.ge-ს პრეზენტაცია. 30.09.2014. ფოტო: გიორგი დიასამიძე

 

პრეზენტაციას ჟურნალისტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა სააგენტოს წარმომადგენლებიც. პერსონალური მონაცემთა დაცვის სააგენტოს მთავარი იურისტი, ეკა გორდაძე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც დეპუტატი დატოვებს თანამდებობას და მის მიმართ დაიკარგება საჯარო ინტერესი, მისი პერსონალური ინფორმაცია უნდა წაიშალოს მონაცემთა ბაზიდან.

პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, ჟურნალისტი ლაშა კვესელაძე ამბობს, რომ პროექტში ჩართული არიან სხვადასხვა მედიასაშუალებაში დასაქმებული ჟურნალისტები. მისი თქმით, პროექტი ერთწლიანია და “National Endowment for Democracy”–ის დახმარებით ხორციელდება.