კატალონიის ავტონომიის ლიდერმა არტურ მასმა ბრძანებას რეფერენდუმის გამოცხადების შესახებ შაბათს მოაწერა ხელი, რამაც მადრიდსა და ბარსელონას შორის ურთიერთობები დაძაბა, იუწყება Wall Street Journal.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ რეფერენდუმი ანტიკონსტიტუციურია. ესპანეთის მთავრობის გენერალურმა მდივანმა მარია დოლორეს დე კოსპედალმა კატალონიის მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებას “თვითმკვლელობის ტოლფასი და უპასუხისმგებლო” უწოდა.
28 სექტემბერს კატალონიის ვიცე-პრეზიდენტმა ხოანა ორტეგამ განაცხადა, რომ რეფერენდუმი კონსტიტუციური და კანონიერია. მისი თქმით. მზადდება 10 ათასი საარჩევნო ურნა და 6 მილიონი ბიულეტინი. კატალონიის 5.4 მილიონ მოქალაქეს აქვს საარჩევნო ხმის უფლება.
Wall Street Journal-ის ცნობით, კატალონიის რეგიონული მთავრობა გეგმავს, რომ ინტერნეტის საშუალებით გაავრცელოს ვიდეორგოლი, რომლითაც მოსახლეობას ამგვარ მესიჯს გაუგზავნიან: “გახსოვდეს, 9 ნოემბერს შენ ირჩევ”.
ასევე, გეგმავს, რომ ბარსელონაში, ერთ-ერთ მთავარ მოედანზე დაამონტაჟოს საათი, რომელიც რეფერენდუმამდე დროს აითვლის.
ესპანეთის მთავრობა რეფერენდუმის აღიარებას არ აპირებს და ეძებს სამართლებრივ გზებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გზით რეფერენდუმის შესახებ გადაწყვცეტილება გააუქმოს.
გარდიანის ცნობით, ესპანეთის მთავრობა შიშობს, რომ დათმობა კატალონიისთვის გადამდები იქნება ესპანეთის სამეფოს სხვა ავტონომიური რეგიონებისთვის, მათ შორის ბასკებისთვისაც.
გამოცემის ინფორმაციით, კატალონიაში ცხოვრობს ესპანეთის მოსახლეობის 16%, ხოლო კატალონიაზე ესპანეთის მშპ-ს ერთი მეხუთედი მოდის.
ესპანეთის მთავრობა აცხადებს, რომ რეგიონული რეფერენდუმი ანტიკონსტიტუციურია, რადგან 1978 წელს მიღებულ კონსტიტუციაში წერია, რომ რეფერენდუმის შედეგი მაშინ იქნება საფუძვლიანი, თუ მასში ესპანეთს მთელი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას.
კატალონიის რეგიონული მთავრობა კი საპირისპიროს ამტკიცებს, რომ კატალონიის მასშტაბით რეფერენდუმის ჩატარება კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
WAll Street Journal წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვას დაიწყებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კატალონია რეფერენდუმის გამართვას ვერ შეძლებს.
კატალონიის დამოუკიდებლობას მოწინააღმდეგეები ჰყავს თავად კატალონიაშიც. რეფერენდუმის მოწინააღმდეგე ორგანიზაციებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც რეფერენდუმის არაკონსტიტუციურობაზე საუბრობენ.
არტურ მასი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს რეფერენდუმის შესახებ გადაწყვეტლებას, დამოუკიდებლობის მომხრეები ქუჩებში გამოვლენ და საპროტესტო აქციებს გამართავენ.