სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს

სოციალურმა მუშაკებმა დღეიდან, 2 აპრილიდან გაფიცვა შეწყვიტეს.

ამის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს და სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს.

მიუხედავად გაფიცვის შეწყვეტისა, სოციალურმა მუშაკებმა მიიღეს გადაწყვეტილება პროფესიული კავშირის დაფუძნების შესახებ და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმება ვერ მოხდა, მუშაობა კოლექტიური მოლაპარაკების ფორმატში გაგრძელდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის 8 თებერვალს წამოიწყეს. მათი მოთხოვნები შეეხებოდა როგორც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ასევე, ბენეფიციარებისთვის მომსახურებების შექმნასა და გაუმჯობესებას. როგორც სოციალური მუშაკების განცხადებაში არის ნათქვამი, ჯანდაცვის სამინისტროსთან მათი მოთხოვნების მხოლოდ მცირე ნაწილზე მოხდა შეთანხმება, თუმცა ამ შეთანხმების პირობები ამ ეტაპზე მხარეთა შორის არ არის დოკუმენტირებული და ხელმოწერილი.

სოცმუშაკების ინფორმაციით, შეთანხმება მოხდა შემდეგ საკითხებზე:

შეთანხმება ვერ შედგა შემდეგ საკითხებზე:

“ჩვენ ვწყვეტთ გაფიცვას და 2 აპრილიდან ვუბრუნდებით სამუშაო პროცესს და ველოდებით პარლამენტის მხრიდან საზედამხედველო ფუნქციის ჯეროვნად შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ჟღერდებოდა ინფორმაცია, რომ გაფიცვის პერიოდში ბენეფიციარების მომსახურება სოციალური მომსახურების სერვისცენტრებში შეუფერხებლად მიმდინარეობდა, სახალხო დამცველის მონიტორინგმაც ცხადყო, რომ რეაგირება ხდებოდა მხოლოდ ახალ განცხადებებზე. ჩვენ ვიაზრებთ, რომ სოციალური მუშაკის როლი ჩაუნაცვლებელია და სხვა სფეროს წარმომადგენლები ვერ შეასრულებენ სოციალური მუშაკის მოვალეობებს. ჩვენ გაფიცვის რეჟიმშიც ვაგრძელებდით სატელეფონო კონსულტირებას და ვგრძნობდით პასუხისმგებლობას ჩვენს მიმდინარე შემთხვევებზე, ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და სიცოცხლეზე. იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური მუშაკები ვიაზრებთ საკუთარ მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე, მივიღეთ გადაწყვეტილება, 2019 წლის 02 აპრილიდან ვაგრძელებთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას”, – ნათქვამია სოციალური მუშაკების განცხადებაში.


სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ. ისინი წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესის დაიწყო.

თუმცა 21 მარტს სოცმუშაკებმა განაცხადეს, რომ მედიაცია უშედეგოდ დასრულდა და სამინისტრო მათ მოთხოვნებს, მათ შორის, დარეგულირებულ გრაფიკსა და ტრანსპორტზე გამოყოფილ ფინანსურ რესურსს, არ შეასრულებს.

სოციალური მუშაკები გაფიცვის მიზეზად ასახელებენ ტრანსპორტის პრობლემას, ბენეფიციართა დასახმარებლად საჭირო რესურსების ნაკლებობას, არასათანადო სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას. ისინი ამბობენ, რომ შეზღუდული რესურსების გამო ვერ ახერხებენ ადამიანებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევას და ხშირად უწევთ თავიანთი პირადი ფინანსების დახარჯვა ბენეფიციართა პრობლემების მოსაგვარებლად.