როგორ ვებრძვი დეპრესიას – ზეპირი ისტორია [ვიდეო]

“როცა ამბობ, ფსიქიატრთან უნდა მივიდე, ყველა გეუბნება: “სამაგისო რა გჭირს?”- ამბობს მარიტა მაზანიშვილი, რომელიც “ნეტგაზეთს” დეპრესიის შესახებ თავის ისტორიას უყვება.

გთავაზობთ 24 წლის მარიტა მაზანიშვილის ისტორიას დეპრესიის შესახებ:


უჩვეულო სიმპტომები რამდენიმე თვის წინ დამეწყო. მაშინ აზრადაც არ გამივლია, რომ რაღაც ფსიქიკური პრობლემა მქონდა. ყველაფერს სტრესს ვაბრალებდი.

ხუთი თვე ვიყავი ასე.

რაღაც მომენტში, სიმპტომებზე დაკვირვებით მივხვდი, რომ ეს შეიძლებოდა დეპრესია ყოფილიყო და არა, უბრალოდ, ცუდად ყოფნა, რომელიც ხშირად ეშლებათ დეპრესიაში.

თავიდან არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა. იმის მიუხედავად, რომ მქონდა წარმოდგენა, რას აკეთებს ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ფსიქიატრი, მაინც გამიჭირდა არჩევანი, ვინ მჭირდებოდა.

ზოგადად, ფსიქიატრისთვის მიმართვა საქართველოში სტერეოტიპებთან ასოცირდება. ჩემი დაკვირვებით, დეპრესიის სიმპტომებით უფრო ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევებს მიმართავენ. თითქოს, უფრო მარტივად აღიქვამენ პრობლემას. ფსიქიატრი კი ასოცირდება რაღაც რთულთან და როცა ამბობ, ფსიქიატრთან უნდა მივიდე, გარშემო ყველა გეუბნება: “სამაგისო რა გჭირს?”

პრობლემის გადასალახად აღიარება არის პირველი ეტაპი. ჯერ უნდა აღიარო, შემდეგ ითხოვო დახმარება სპეციალისტისგან.

დეპრესიის დროს, ცუდად ყოფნის კონკრეტული მიზეზი შეიძლება არც გქონდეს.
ამ დროს, უბრალოდ, დაქვეითებულ განწყობაზე ყოფნის გარდა, ბევრი სხვა სიმპტომი გაქვს, რომელიც ფიზიკურადაც შეიძლება გამოვლინდეს – მაგალითად, წელის ტკივილი დაგეწყოს, კვების რეჟიმი დაგერღვეს, 13 საათი გეძინოს, ან საერთოდ არ გეძინოს, მეხსიერების, კონცენტრაციის პრობლემები დაგეწყოს, თვითშეფასება დაგიქვეითდეს.

დეპრესიაში მყოფი ადამიანისთვის დილით გაღვიძებაც კი ძალიან რთულია. მე, მაგალითად, ძალიან მიყვარს დილა. მთელი ცხოვრება “დილის ადამიანი” ვარ, რადგან ძალიან დიდი დღე “გამომდის” და ბევრ რამეს ვასწრებ. მაგრამ დეპრესიის დროს, ყველაფერი ამომიტრიალდა, გაღვიძება არ მინდოდა. მინდოდა, სულ უფრო მეტხანს მეძინა.

ამასთან, ჩვეულებრივად დავდიოდი სამსახურში და ყველაფერს იგივენაირად ვაკეთებდი, რაც ათმაგ ენერგიად მიჯდებოდა. თან, ყველაფრის მიმართ ინტერესი დაკარგული მქონდა – თუ ადრე რაღაცის კეთება სამსახურში სიამოვნებას მანიჭებდა, უკვე აღარ იყო ასე.

ყოველთვის ძალიან მიყვარდა წიგნების კითხვა, ფოტოების გადაღება, კინოს ყურება, ამ ყველაფრის მიმართაც დამეკარგა ინტერესი. მეგონა, აღარაფერია საინტერესო – “რატომ წავიდე ფილმზე, რა უნდა იყოს საინტერესო?! რატომ ვნახო მეგობრები, ვითომ, რას მეტყვიან ახალს? არა, არ მინდა”.

ისე გავიდა რამდენიმე თვე, რომ ახალი, ნაჩუქარი ციფრული ფოტოაპარატით არც ერთი ფოტო არ გადამიღია. სოციალურ ქსელებშიც ისე გადიოდა თვეები, საერთოდ არაფერს ვპოსტავდი.

ბევრი შემთხვევა მახსენდება, როცა მეგობრების სანახავად წავსულვარ, ნახევარ საათში ისე დავღლილვარ და უენერგიო გავმხდარვარ, რომ სახლში ძალიან მალე დავბრუნებულვარ – მეგობრებთან ერთად ყოფნა არ მინდოდა, უბრალოდ, მერჩივნა მარტო ვყოფილიყავი და ჩემი “უხასიათოდ” ყოფნით, რაც სინამდვილეში ჩემი დეპრესია იყო, არავინ შემეწუხებინა.

ზოგადად, ძალიან სოციალური ადამიანი ვარ, თუმცა ამ შემთხვევაში ჩემმა სოციალურმა აქტივობებმა იკლო. მართალია, სულ სახლში არ ვიყავი, მაგრამ მაინც…

ხშირად გამიგია, რომ, როდესაც ადამიანი დეპრესიაშია, გარშემომყოფები თითქოს გამხნევების მიზნით ახსენებენ, თუ როგორი კარგი ცხოვრება აქვს – “რა გჭირს შენ სადეპრესიო? შენ ხომ სამსახურიც გაქვს, ისიც გაქვს, ესეც გაქვს?“ ეს ყველაზე ცუდი რამეა, ვინაიდან, დეპრესიის დროს ადამიანს ისედაც დანაშაულის შეგრძნება აწუხებს და თვითშეფასებაც ძალიან დაბალი აქვს. ჰგონია, არაფერი გამოუვა… როცა რაღაცას აკეთებს, ნერვიულობს – მუდმივად ეჭვებშია, “რამე ხომ არ დავუშავე სხვას”? და ამ დროს როცა ეუბნები, “აი, ამდენი რამ გაქვს და რატომ ხარ ცუდად?” – კიდევ უფრო უმძაფრებ დანაშაულის გრძნობას.

გარემო და მომავალი არ არის ისეთი საშინელი, რაღაც კარგიც ხდება – თუმცა, ეს მხოლოდ რაციონალურად იცი. ემოციურად, ამის გააზრება ძალიან რთულია, რადგან შენი ემოციები და დეპრესია, რომელიც დიდი ტვირთივით გაწევს, გეუბნება, რომ კარგი არაფერი იქნება შენს ცხოვრებაში; 24 წლის ასაკში გგონია, რომ უკვე დასრულდა შენი ცხოვრება, რაც ასე არ არის.

დეპრესია გეუბნება, რომ ეს შენი ბუნებრივი მდგომარეობაა. ვერ აღიქვამ ამ მდგომარეობას, როგორც შენთვის უცხოს. იმდენად ეჩვევი, რომ გავიწყდება, როგორია სხვანაირად ყოფნა.

რატომ მიდიან ადამიანები სუიციდურ ფიქრებამდე? იმიტომ, რომ ცხოვრება აღარ უნდათ, როცა აღარაფერი აქვთ ცხოვრებაში, რაც შეიძლება უხაროდეთ. მე, პირადად, სუიციდური ფიქრები არ მქონია, ეს უფრო მძიმე დეპრესიას ახასიათებს, ვიდრე მე მქონდა. მაგრამ მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე სპეციალისტთან მისვლა და დეპრესიის დამარცხება, სწორედ ის იყო, რომ ცხოვრების ინტერესი დავკარგე.

ფსიქიატრთან ერთი თვის წინ მივედი, მესამე თაობის ანტიდეპრესანტი დამინიშნა, რომელსაც, ძალიან ცოტა გვერდითი ეფექტი აქვს და არც დამოკიდებულებას იწვევს. გამიმართლა, რომ გვერდითი მოვლენები არ მქონია.

მედიკამენტმა ორი კვირის შემდეგ დაძაბულობა, შფოთვა და ყველაფერზე ნერვიულობა შედარებით მომიხსნა. ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება, თვითშეფასება, თუ მომავლის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა, უფრო ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს.

ჩემი გამოცდილებით, მედიკამენტები და ფსიქოთერაპია ერთად ძალიან ეფექტურია. მე ორივეს ერთად გავდივარ ახლა.

ფსიქიატრთან მისვლა სწორი დიაგნოზისთვის ნამდვილად გამოსავალია. სასირცხვილო ამაში არაფერია. დეპრესია არის ჩვეულებრივი ფსიქიკური დაავადება. როგორც, მაგალითად, ადამიანს აქვს დიაბეტი, ჩიყვი და ამ დროს იღებს წამალს და ხმამაღლა ამბობს ამის შესახებ, ასევე არის დეპრესიული მდგომარეობაც. გაქვს რაღაც პრობლემა, მიდიხარ ექიმთან, ის გინიშნავს წამალს, თერაპიას და მკურნალობ.

და კიდევ მითია ის, რომ ჯანსაღი კვება, იოგა და მსგავსი ნაბიჯები დეპრესიას შველის. მე არ მინახავს და არ წამიკითხავს არც ერთ სახელმძღვანელოში, რომ მხოლოდ ჯანსაღი კვებით გამოვიდა ადამიანი დეპრესიიდან ან მხოლოდ იოგით დაილაგა ჰორმონები. ეს არასწორია. თან, რაც უფრო დიდხანს გაქვს დეპრესია, მდგომარეობა უფრო რთულდება.


როგორ უნდა ამოვიცნოთ დეპრესია? რას ყვებიან სპეციალისტები დეპრესიასთან დაკავშირებით არსებულ სტიგმებზე და საქართველოში არსებულ ვითარებაზე?


მასალა მომზადებულია პროექტის “უჩინარების ისტორიები” ფარგლებში. 

ავტორები: ნინო კახიშვილი, ნინო ბიძინაშვილი, მარიამ ბოგვერაძე


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი