ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტა ანაკლიის კონსორციუმთან – სახელმწიფომ იურიდიულ ფირმასთან კონტრაქტი გააფორმა

სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის ერთ-ერთი პირობაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტის თანმდევი შედეგების ანალიზია. დოკუმენტი 15 მარტით თარიღდება.

“დამატებითი მისია მოიცავს კლიენტისათვის ყოვლისმომცველი იურიდიული მემორანდუმის მომზადებასა და მიწოდებას, რომელშიც გაანალიზებული იქნება სამართლებრივი შედეგები საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტასთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ იურიდიულ კომპანია White & Case LLP-სთან დადებულ კონტრაქტში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვემდებარება, ფირმისაგან ზემოაღნიშნული მემორანდუმის საწყისი ვერსიის მიწოდებას 20 სამუშაო დღის განმავლობაში ითხოვს.

კონტრაქტის სხვა მოთხოვნებიც, მოცემულის მსგავსად, ძირითადად, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან სამართლებრივ ურთიერთობას შეეხება.

White & Case LLP ნიუ-იორკში დაფუძნებული იურიდიული ფირმაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაშიც საქმიანობს.

ხელშეკრულება სრულად იხილეთ ამ ბმულზე.