ოჯახში დანაშაული და ქალებზე ძალადობა კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა – საიას ახალი კვლევა

დღეს, 28 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აქტუალურ საკითხებზე ახალი კვლევა წარადგინა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ოჯახში ძალადობის, ოჯახში დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის და მასზე სათანადო რეაგირების მიზნით, სახელმწიფო წლების განმავლობაში დგამს გარკვეულ ნაბიჯებს, როგორიცაა:

2006 წელს – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების შესახებ კანონის შემუშავება; 2012 წელს – ოჯახში დანაშაულისა და ოჯახში ჩადენილი დანაშაულის კრიმინალიზაცია; 2014 წელს – ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციის ხელმოწერა, 2017 წლის აპრილში კი – მისი რატიფიცირება, შესაბამისად, სხვადასხვა ნორმატიულ აქტში ცვლილებების განხორციელება და აქტების ქალთა ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებთან ადაპტირება; 2018 წელს – შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნა.

მიუხედავად ამისა, როგორც საია ასკვნის, დღესდღეობით ოჯახში ძალადობის, ოჯახში დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას და აღნიშნული დანაშაულების პრევენციისა თუ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირების კუთხით ქვეყანა ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევების წინაშეა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინამდებარე კვლევა ცხადყოფს, რომ ოჯახში ძალადობა, ოჯახში დანაშაული და ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, ოჯახში ძალადობას ხშირად ახასიათებს განმეორებითობა:

“ხშირად მსხვერპლები სამართალდამცავ უწყებებს დაგვიანებით მიმართავენ, ზოგჯერ კი, ჩვენებას ცვლიან ან/და საერთოდ უარს ამბობენ ჩვენების მიცემაზე. არის ფაქტები, როდესაც სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი აქვს დაგვიანებულ ან/და არასათანადო რეაგირებას. გარკვეულ შემთხვევებში არაეფექტიანია ასევე სასამართლოს მუშაობა ოჯახში ძალადობის საქმეებთან მიმართებით. კერძოდ, როდესაც სასამართლო ბრალდებულს ჩადენილი ქმედებისთვის არასათანადო აღკვეთის ღონისძიებას, შემდეგ კი, არასათანადო სასჯელს აკისრებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი თავს დაცულად ვერ გრძნობს. სახელმწიფო მოძალადეებს ვერ სთავაზობს ძალადობრივი ქცევის გამოსწორების ან/და მართვის სერვისებს და ა.შ.”

კვლევის მიხედვით, ასევე, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მოსამართლეთა ცალკეულ ნაწილში დაბალი მგრძნობელობა და გენდერული თანასწორობის საკითხების არასაკმარისი ცოდნა. საიას კვლევის მიხედვით, კვლავ გამოწვევად რჩება მსგავსი ტიპის ძალადობის იდენტიფიცირება და მასზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაც.

საიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგას მნიშვნელოვანი კომპლექსური ნაბიჯები, როგორც საგანმანათლებლო, ისე პრევენციული და კონკრეტულ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების კუთხით.

ოჯახში დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის გენდერულ ასპექტებთან დაკავშირებული მიგნებები

ძალადობაზე პირველად რეაგირებასთან დაკავშირებული მიგნებები

სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული მიგნებები

სასამართლოს მიდგომებთან დაკავშირებული მიგნებები:

 

[blue_box]სრული დოკუმენტი[/blue_box]