თბილისში გასახდომი საშუალებების მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს

დღეს, 26 მარტს, შეიარაღებულმა პირებმა დაბალანსებული კვებისა და წონის გასაკონტროლებელი პროდუქციის მაღაზია ჰერბალაიფის დაყაჩაღება სცადეს.

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. როგორც შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, დამნაშავეებმა მაღაზიიდან ვერაფერი წაიღეს.

როგორც რუსთავი 2-ს მაღაზიის თანამშრომლებმა განუცხადეს, თავდამსხმელმა მათ იარაღი დაადო და სასწრაფოდ ფულს ითხოვდა, თუმცა შენობა მალევე დატოვა. ერთ-ერთი თვითმხილველი რუსთავი 2-ს უყვება, რომ დამნაშავემ სასხლეტს გამოკრა, თუმცა იარაღმა არ გაისროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ქავერის სქრინი: რუსთავი 2