საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრების ანაზღაურებაზე განმარტებას აკეთებს

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრების ანაზღაურებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც საპენსიო სააგენტოს განცხადებაში არის ნათქვამი, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებისთვის Financial Times-ში განთავსებულმა განცხადების ტექსტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და მათ სურთ, “საზოგადოებას ვაკანსიის გამოქვეყნების ტექნიკური დეტალები აუხსნან და ნათელი მოჰფინონ მედიაში გავრცელებულ მცდარ შეფასებებს”.

“Financial Times-ში ვაკანსიის გამოსაქვეყნებლად აუცილებელია მოინიშნოს გარკვეული ველები, მათ შორის სახელფასო დიაპაზონი. ვაკანსიის განცხადების განთავსებისას მოვნიშნეთ ყველაზე დაბალი სახელფასო დიაპაზონი (0-დან 60 000-მდე წლიური). მონიშნული გრაფა არ ნიშნავს, რომ სააგენტო ანაზღაურების სახით ამ დიაპაზონის მაქსიმალური თანხის გადახდას აპირებს. გასათვალისწინებელია, რომ საინვესტიციო საბჭოს წევრების კანდიდატების კვალიფიკაციის მიმართ სააგენტოს განსაკუთრებით მაღალი სტანდარტები აქვს დაწესებული”, – აცხადებს სააგენტო, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ 60 000-ის არა, რა ოდენობის თანხის გადახდას აპირებს საინვესტიციო საბჭოს წევრისთვის.

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს წევრების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. კანდიდატებს საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე განაცხადის გაკეთება 6 აპრილამდე შეუძლიათ.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება და მის წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით ამტკიცებს. მანამდე იქმნება საინვესტიციო საბჭოს წევრთა შესარჩევი კომისია.

ამავე თემაზე:

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის წლიური ხელფასი $60 ათასამდე იქნება