ევროპულმა საქართველომ საფოსტო გზავნილებზე განბაჟების ზღვარის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის ინიციატივა პარლამენტში კიდევ ერთხელ შეიტანა, რომელსაც დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ლარის გაუფასურების გამო საფოსტო გზავნილების განბაჟების 300-ლარიანი ზღვარი იმდენად პატარაა, რომ საზღვარგარეთიდან რამის გამოწერამ პრაქტიკულად აზრი დაკარგა.
ევროპულმა საქართველომ აღნიშნული ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში 2018 წლის დასაწყისშიც შეიტანა, თუმცა პარლამენტმა მას მხარი არ დაუჭირა.
2018 წლის 23 თებერვლის პარლამენტის სხდომაზე საფოსტო გზავნილებზე განბაჟების წესის ცვლილებას მხოლოდ 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 25-მა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.