საქართველოში დიდი ოდენობით უაქციზო და არადეკლარირებული სიგარეტი შემოჰქონდათ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 16-18 მარტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში და წალენჯიხის რაიონ სოფელ ფახულანში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 31,040 ღერი) შენახვა- გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

გარდა ამისა, როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, 17-20 მარტს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, “სადახლო-საავტომობილო”, “წითელი ხიდი” და “სარფი”, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

მათი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 8,440 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და 4 ცალი სიგარეტის მოსაწევი აპარატი (IQOშ) აღმოაჩინეს.