ორბანის პარტიას “ევროპის სახალხო პარტიის” წევრობა შეუჩერეს

ევროპარლამენტის უმსხვილესმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, “ევროპის სახალხო პარტიამ”(EPP), უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიას, “ფიდეშს” წევრობა შეუჩერა. ორბანი, რომელსაც ევროპარლამენტში არაერთგზის ადანაშაულებდნენ ევროკავშირის პრინციპების დარღვევაში, ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით დათანხმდა.

“ფიდეშის” წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება მემარჯვენე-ცენტრისტულმა “ევროპის სახალხო პარტიამ” 20 მარტს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიიღო. ინიციატივას მხარი დაუჭირა დელეგატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ – 190-მა მათგანმა, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

გადაწყვეტილების თანახმად, ორბანის პარტია ვეღარ დაესწრება EPP-ის სხდომებს, აღარ ექნება ხმის უფლება და ვეღარ წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურებს ევროპარლამენტის უმსხვილესი გაერთიანების შიგნით.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, Reuters-ის თანახმად, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ მისი პარტია ნებაყოფლობით დათანხმდა “ევროპის სახალხო პარტიის” წევრობის დროებით შეჩერებას, სანამ დამოუკიდებელი კომისია უნგრეთში კანონის უზენაესობის შესახებ ანგარიშზე მუშაობას არ დაასრულებს.

“ევროპის სახალხო პარტიის” ეს ნაბიჯი თვეებით ადრე დაწყებული პროცესების გაგრძელებაა: ორბანის ოპონენტები უნგრეთის ოპოზიციიდან თუ ევროპარლამენტიდან არაერთგზის ადანაშაულებდნენ მის პარტიას სიძულვილით გაჯერებული ანტისაიმიგრაციო კამპანიის ხელშეწყობაში, უნგრეთის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შეზღუდვასა და მედიისათვის პრობლემების შექმნაში. ამავდროულად, EPP-ის მიმართ “ფიდეშის” წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღებისაკენ არაერთი მოწოდება ისმოდა.

ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მაშინ, როცა უნგრეთში ახალი ანტისაიმიგრაციო ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და მილიარდერი ჯორჯ სოროსი არიან გამოსახულნი. Euronews-ის თანახმად, ისინი ბილბორდებზე წარმოდგენილი არიან, როგორც “მიგრაციის ხელშემწყობნი, რაც ფუნდამენტურად ემუქრება უნგრეთის უსაფრთხოებას”.

ამ ფონზე “ერვოპის სახალხო პარტიაში” შემავალმა 13-მა პარტიამ “ორბანის პარტიის წევრობასთან დაკავშირებით კენჭისყრის მოწოდებით გამოვიდა, რაც 20 მარტს განხორციელდა კიდეც.

ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანის  პოლიტიკას გასული წლის სექტემბერშიც უპასუხეს: მაშინ ევროპარლამენტმა უნგრეთის ხელისუფლების წინააღმდეგ უპრეცედენტო დისციპლინარული მოქმედების განხორციელებას მხარი დაუჭირა, ვინაიდან მიიჩნია, რომ ორბანის მთავრობა ევროკავშირის ღირებულებებს უხეშად არღვევს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საკანონმდებლო აქტივობას, რომელიც, შესაძლოა, ადრესატისადმი სანქციების წინაპირობაც გახდეს.