მარგველაშვილის ვიზიტი ამერიკაში ჩაშლილია

“ეს დაპირისპირება რაც იყო, გადავიდა პრობლემურ დაპირისპირებაში. მოხდა ორგანიზებული მუშაობა პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღდმეგოდ. ამ მუშაობის შედეგად პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში არის ჩაშლილი. ეს არის არასწორი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ, ეს არის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ გამომდინარე უწყებრივი დაპირისპირებებიდან. თუ ჩვენ შევეცდებით, რომ მონოპოლიზაცია მოვახდინოთ რომელიმე ინსტიტუტში, ჩემი აზრით, მივიღებთ იმას, რაც ასე ძალიან მოგვწონდა სააკაშვილის რეჟიმში”, – განაცხადა გირგი  მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

“ჩემი ვიზიტის დროს ვერ განხორციელდებოდა ის სამუშაო, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა”, – განაცხადა მარგველაშვილმა და დააამატა, რომ ვიზიტის ჩაშლის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით მიიღო.

 

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იგი მთავრობასთან დაპირისპირებული კი არ არის, არამედ მისი მანდატის ფარგლებში მოქმედებს.

 

საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია, თბილისი, საქართველო, 17 მაისი 2013. EPA/ZURAB KURTSIKIDZE

გიორგი მარგველაშვილის თქმით, უცნაურია, რომ პრეზიდენტი იყოს ვინმეს კონკურენტი,  მას აქვს უფლებამოსილებები და ამ უფლებამოსილებების აღსრულება მისი მოვალეობაა, რომელსაც აღასრულებს:

 

“მე არსაითკენ არ ვქაჩავ საბანს, მე არც მინისტრების დანიშვნა არ მჭირდება, მაგრამ რაც შეეხება ინსტიტუტებს შორის ბალანსს, ეს არის ჩემი მოვალეობა. ჩემი მიზანია, რომ ქვეყანაში დაცული იყოს დემოკრატიული ბალანსი. საქართველო არის დემოკრატია, დემოკრატია ნიშნავს, რომ არავინ არის დირექტორი. ვინ არის მთავარი კი არა, თავისი როლი ვის როგორი გააჩნია.” 

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნიუ-იორკში მის მიერ დაგეგმილი ვიზიტის ყველა მნიშვნელოვანი დეტალია ჩაშლილი:

 

“დეტალებში მე ვერ შევალ, მაგრამ ვიზიტის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი არის ჩაშლილი. მე ვერავინ მომიტანს ერთ მაგალითს მაინც, როდესაც შევუშალე ხელი ხელისუფლებას- იქნება ეს აღმასრულებელი თუ პარლამენტი- თავის საქმიანობის განხორციელებაში.

 

ჩვენ ვდგავართ დემოკრატიის მშენებლობის გზაზე, ეს არის რთული გზა. ამ გზაზე როდესაც რომელიმე ინსტიტუტი დამოუკიდებელ, თავის მანდატის მიხედვით პოლიტიკას ახორციელებს, ეს ხშირად არის აღქმული ხოლმე, როგორც დაპირისპირება. მე მინდა ყველას კიდევ ერთხელ გავახსენო: ეს არ არის დაპირისპირება. ეს არის დემოკრატია და დემოკრატია რთულია.

 

მე ვემსახურები ქვეყანას, მე ვემსახურები იმას, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს დემოკრატიული წყობა, მე ვემსახურები ჩემს ქვეყანას კონსტიტუციის ფარგლებში და ასე გავაგრძელებ. ბუნებრივია, ის რეჟიმი, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი უცებ გახდეს, ვერ საუბრობდეს და გაჩუმდეს, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი კი არა, ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

ყველას, ვისაც მოლოდინი აქვს, რომ უნდა იყოს აბსოლუტური უნისონი და არ უნდა იყოს ნორმალური ძალთა ბალანსი, ფაქტობრივად, უნდა გადაქაჩულ იქნას ხელისუფლება ერთი მიმართულებით, ჩემი აზრით, არ ესმის კარგად, რას ნიშნავს დემოკრატია,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.