7 სექტემბერს, 01:00 საათზე პოლიციამ დააკავა მოქალაქე, რომელიც სპეციალურ საპოლიციო კონტროლს, ე.წ. რეიდს მობილურით იღებდა. როგორც ჟურნალისტი ნატა ძველიშვილი, რომელიც დაკავებულ პირთან ერთად იმყოფებოდა, “მედია.გე”– სთან საუბარში აცხადებს, რომ პოლიციამ მათ გადაღებული კადრების წაშლა მოთხოვა და იმ შემთხვევაში, თუ არ წაშლიდა გადაღებულ კადრებს, დაკავებით დაემუქრა. მისივე თქმით, პოლიციელებს საბუთები არ წარუდგენიათ და ჩამორთმეულ ტელეფონში ფოტოების დათვალიერება დაიწყეს, მოგვინებით კი, ერთ-ერთმა პოლიციელმა ნატა ძველიშვილისი თანმხლების დაკავების ბრძანება გასცა. პოლიციელებმა ინცინდენტის დროს უპასუხოდ დატოვეს ჟურნალისტის კითხვა, თუ სს კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე აკავებდნენ მის თანმხლებს.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც პირი სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. საბოლოოდ კი სასამართლომ სამართალდარღვევის არ არსებობის გამო, საქმის წარმოება დაკავებულის მიმართ შეწყვიტა.
პოლიციური კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 სექტქმბერს განაახლა, შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ მოქალაქეებს პოლიციის შესახებ კანონის 22-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე ამოწმებენ. პოლიციის შესახებ კანონის 22- ე მუხლი პირის ზედაპირულ შემოწმებას და დათვალიერებას გულისხმობს. კანონის თანახმად, პირის ზედაპირული დათვალიერება, მისი ტანსაცმლის გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთ ან საშუალებით შეხებას ნიშნავს და ამის გაკეთების უფლება პოლიციელს პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეუძლია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია და საფრთხეს უქმნის მის ან სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავე კანონის ფარგლებში პოლიციელი უფლებამოსილია შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებაც. რაც შეეხება კანონის 24- მუხლს, იგი სპეციალურ საპოლიციო კონტროლს გულისხმობს, რომელიც იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან მომავალში იქნება ჩადენილი დანაშაული ან სამართალდარღვევა.
