ნეტგაზეთი | აშშ-ში აუცრელი ბავშვის ტეტანუსზე მკურნალობაზე თითქმის 1 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა აშშ-ში აუცრელი ბავშვის ტეტანუსზე მკურნალობაზე თითქმის 1 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა – Netgazeti
RU | GE  

აშშ-ში აუცრელი ბავშვის ტეტანუსზე მკურნალობაზე თითქმის 1 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ორეგონის შტატში ბიჭის მკურნალობაზე, რომელსაც ტეტანუსი ჰქონდა, თითქმის ერთი მილიონი აშშ დოლარი დაიხარდა. ინფორმაციას ამის შესახებ “გარდიანი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბავშვი ტეტანუსზე აცრილი არ იყო და ბაქტერიული დაავადება ფერმაში თამაშისას შუბლის დაზიანების დროს შეეყარა.

ბიჭის მკურნალობა ორ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა და როგორც “გარდიანი” წერს, ბავშვი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. გამოცემისვე ცნობით, ორეგონის შტატში უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ეს ტეტანუსის პირველი პედიატრიული შემთხვევა იყო.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 1940-იან წლებში ქვეყანაში ტეტანუსზე ვაქცინაცია დაიწყო, დაავადების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება.

როგორც “გარდიანი” წერს, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ ბავშვს ტეტანუსის ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს, თუმცა განმეორებით აცრაზე მშობლებმა უარი განაცხადეს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბავშვისა და მისი ოჯახის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს.

ტეტანუსი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მიკრობი იწვევს. დაავადებას ახასიათებს საერთო და სასუნთქი კუნთების კრუნჩხვა, გაშეშება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.