იცით რაიმე პირველი რესპუბლიკის დროინდელ მოღვაწე ოლღა სანიკიძე-ვალაბუევაზე?

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab) აცხადებს, რომ ეძებს დამატებით ინფორმაციას პირველი რესპუბლიკის დროინდელ მოღვაწე ქალზე, ოლღა სანიკიძე-ვალაბუევაზე. მისი სახელი, სოვლაბის ცნობით, საბჭოთა ტერორის შემდეგ თითქმის უკვალოდ გაქრა.

ოლღა სანიკიძე-ვალაბუევა, სოვლაბის თანახმად, ერთ-ერთი იყო იმ ორი ქალიდან, ვინც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი [მეორე ასევე ეროვნული საბჭოს წევრი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წარმომადგენელი მინადორა ტოროშელიძე იყო].

სანიკიძე-ვალაბუევაზე მცირე ცნობებია შემორჩენილი: იგი 1883 წელს დაიბადა ქუთაისში, აზნაურის ოჯახში; მიიღო უმაღლესი განათლება — იგი პედაგოგი იყო; 1910-იან წლებში ეწეოდა კომერციულ საქმიანობას. საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი, 1917 წელს საქართველოს ეროვნულ საბჭოში ირიცხებოდა. იმავე წლიდან თბილისის მე-2 ქალთა გიმნაზიის დირექტორი იყო.

სოვლაბის თანახმად, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ სანიკიძე-ვალაბუევა ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში: თავდაპირველად გიმნაზიის ბაზაზე ორგანიზებას უწევდა 1921 წელს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაჭრილი საქართველოს არმიის და გვარდიის ჯარისკაცების დახმარების საქმეს; შემდგომ, სავარაუდოდ იყო ქალთა “პოლიტიკური წითელი ჯვრის” წევრი.

იგი 1921 წლის აპრილში დააპატიმრა საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (“ჩეკამ”) პოლიტიკური საბაბით — გამოძიება ცდილობდა, დაემტკიცებინა რომ იგი მოსწავლეებს უკრძალავდა კლასში “ინტერნაციონალის” (საერთაშორისო პროლეტარული ჰიმნის) შესრულებას. პატიმრობიდან ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს, რის შემდეგაც, 1920-იან წლებში, მუშაობას მე-2 გიმნაზიაში აგრძელებდა.

თუმცა უცნობია ოლღა სანიკიძე-ვალაბუევას ბედი ამის შემდეგ. სოვლაბი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაავრცელონ მასზე ინფორმაცია და აპოვნინონ ადამიანები, ვინც მეტი იცის ოლღა სანიკიძეზე, “რათა კიდევ ერთი ქალის ისტორია დავაბრუნოთ საერთო მეხსიერებაში”.

სოვლაბს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფეისბუკზე,