“ოცნება” პოლიტიკოსებს კამერასთან მოქცევასა და მეტყველებაში ამზადებდა – კვაჭანტირაძე

ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “პირველები” მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატები, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე აცხადებენ, რომ “ოცნება” პარტიის წევრებს კამერასთან მოქცევასა და მეტყველებაში ამზადებდა.

დეპუტატების თქმით, მსგავსი შეხვედრები ჯგუფურად ტარდებოდა:

“მე ცოტა სასაცილო თემად მეჩვენა და თავიდან რომ მითხრეს, მეგონა, ალბათ, კომედიურ შოუს იწერენ და იმისთვის უნდათ ეს ყველაფერი-მეთქი. ჩვენ ეს გამოვიარეთ, ჩვენ დავინახეთ, როგორ უნდა პარტიას ტრენინგებით შექმნას პოლიტიკოსები”, – ამბობს გედევან ფოფხაძე.

დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც რამდენიმე შეხვედრას თავადაც დაესწრო, იხსენებს, რომ პარტიის წევრებს ასწავლიდნენ, როგორ ემეტყველათ:

“როგორ უნდა დაიყენო მეტყველება, როგორ უნდა დაჯდე კამერის წინ. ჯგუფურად იმართებოდა ასეთი შეხვედრები. ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის, ამას ყველა პარტია აკეთებს” ,- ამბობს კვაჭანტირაძე.

დეპუტატების განცხადების საპასუხოდ გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ინგა გრიგოლიამ თქვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მისთვისაც ცნობილი იყო და ჩამოთვლილის გარდა პოლიტიკოსებს მოდელირებული გადაცემებითაც უწევდათ პრაქტიკის მიღება.

” პრობლემა არის არა იმაში, რომ ტრეინინგებს უტარებდნენ პოლიტიკოსებს, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ცალკეული პიროვნებებისგან ცდილობენ პოლიტიკოსი შექმნან ტრეინინგებზე ხელოვნურად” ,- ამბობს გედევან ფოფხაძე.