1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ კომპანიებს გამარტივებული ფორმით, ნებისმიერ დროს, მოსთხოვონ მათი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, ანუ მათთვის არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა. კანონში ნათქვამია, რომ მონაცემთა სუბიექტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის დამუშავებისთვის შეწყვეტის მოთხოვნისა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი ან/და [მონაცემთა დამმუშავებელმა] უნდა განსაზღვროს ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით.
რას ნიშნავს ეს ჩანაწერი?
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეს იმავე ფორმით უნდა შეეძლოს სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმა, რა ფორმითაც მათზე პირდაპირი მარკეტინგი განხორციელდა. აქამდე მას ამის გაკეთება მხოლოდ წერილობითი ფორმით შეეძლო. ანუ, თუ, მაგალითად, მოქალაქეს SMS-ის მეშვეობით მისდის სარეკლამო შეტყობინება, SMS-ის საშუალებითივე უნდა შეძლოს მათზე უარის თქმა – Reply-ს გამოყენებით. დღეის მონაცემებით ამის გაკეთება ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან სარეკლამო შინაარსის სმს-ებს აბონენტი, რომელსაც საკუთარი ნომრის შესაბამისი მონაცემთა ბაზიდან ამოღება სურს, Reply-ს მეშვეობით ვერ უპასუხებს. მეორე მხრივ, კანონშია ჩადებული ჩანაწერი: “ან/და [მონაცემთა დამმუშავებელმა] უნდა განსაზღვროს ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით” – ამ ჩანაწერის განმარტება ნეტგაზეთმა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს სთხოვა:
“ერთ-ერთი ცვლილება არის ის, რომ რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი მოქალაქისადმი, იმ ფორმით აქვს საშუალება, რომ მასზე უარი თქვას. თუ სმს მოგივიდათ შეგიძლიათ სმს-ით თქვათ მასზე უარი, თუ ელექტრონული ფოსტით მოგივიდათ წერილი – მაილით. მეორე მხრივ, ალბათ, ზოგ კომპანიას ამდენი სმს-ის მიღება არ შეუძლია და ამიტომ, იმ სარეკლამო მესიჯის ქვემოთ უნდა დაწეროს ტელეფონის ნომერი და თქვას, რომ თუ არ გსურთ ჩვენგან კვლავ მიიღოთ სმს, ამ ნომერზე დარეკეთ, ან უნდა არსებობდეს პლატფორმა, სადაც შეხვალ და შენი ტელეფონის ნომერს ჩაწერ”, – აცხადებენ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატში.
რას აპირებენ კომპანიები
ნეტგაზეთი დაინტერესდა, როგორ აპირებენ ის კომპანიები, რომლებიც მომხარებლებს სარეკლამო მიზნებით SMS-ებს უგზავნიან, ამ ახალ გამოწვევას უპასუხონ და ზემოხსენებული ტექნოლოგიები დანერგონ:
“რაც შეეხება ბაზიდან ამ ნორმების ამოღებას, ადრეც იყო მომენტები, რომ მომხმარებლებს სურდათ მათთან აღარ გაგზავნილიყო SMS-ები ჩვენი სახელით, ეს გადაჭრადი პრობლემაა – ქოლცენტრში რეკავდა მომხმარებელი და ამბობდა, რომ აღარ მინდა მივიღო მესიჯები. შემდეგ მე ამას ვუგზავნდიდი კომპანიას, რომლისგანაც ბაზას ვიღებდი და ხდებოდა ამ ნორმის ამოღება. ეს ახლაც ძალაში იქნება, მე კონკრეტულად დეტალები არ ვიცი, კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა ახლა კანონში, ამიტომ კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ”, – განაცხადა ნინო ზავრაშვილმა კომპანია “ელექტრონიკის” მენეჯერმა.
როდესაც მას კანონის შინაარსი გავაცანით, თქვა: “მომხმარებლის უფლებაა, მიიღებს თუ არა ამა თუ იმ სიახლეს და, რა თქმა უნდა, მომხმარებლის ნებას წინ ვერ აღუდგება კომპანია. ამ ცვლილებებს და მოთხოვნებს ჩვენ ვეთნხამებით და მივყვებით ისე, როგორც იქნება. შესაბამისად, წინააღმდეგი არ ვართ”.
კომპანია “ტექნო ბუმმა” განაცხადა, რომ კომპანია სარეკლამო შეტყობინებებს მხოლოდ გრანდიოზული ფასდაკლების ან განსაკუთრებით საინტერესო აქციების შემთხვევაში აგზავნის:
“ ჩვენ ახალი კანონის მიღებამდეც ავიღეთ მომხმარებლისგან ნებართვა, ყველა მომხმარებელს გავუგზავნეთ შეტყობინება, სურდათ თუ არა მათ ჩვენგან სარეკლამო შეტყობინების მიღება, ვისაც არ სურდა, ისინი ამოვიღეთ ბაზიდან, ვისაც დამატება სურდა, რომელიც გაცილებით მეტი აღმოჩნდა, დავამატეთ ბაზაში. ასევე ნებისმიერ დროს შეუძლია მომმხმარებელს დააფიქსიროს ჩვენს ცხელ ხაზზე, თუ არ სურს sms-ების მიღება და მას აღარ მიუვა ინფორმაცია აქციების შესახებ”, – აცხადებენ ტექნო ბუმში, სადაც ჯერჯერობით არ უპასუხიათ ნეტგაზეთის კითხვისთვის, აპირებს თუ არა კომპანია შესაბამისი სურვილის მქონე მოქალაქეებს სარეკლამო SMS-ებზე უარის თქმის პროცედურა გაუმარტივოს Reply-ს მეშვეობით.
კლინიკა “მედის” მარკეტინგის სამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ისინი კანონს არ დაარღვევენ. როგორც კლინიკაში განაცხადეს, ისინი დაუკავშირდებიან იმ კომპანიას, რომელიც მათი სახელით აბონენტებს SMS-ებს უგზავნის და გამოსავალს ერთად მოძებნიან.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ 2013 წლის კვლევის მიხედვით, ბაზარზე ასეთი ორი კომპანია ოპერირებს, GEO SMS და Paradox Georgia: “გაურკვეველი რჩება, თუ როგორ მოიპოვეს მობილური მარკეტინგის კომპანიებმა მოქალაქეთა ტელეფონის ნომრები და სხვა მონაცემები. მობილური კავშირის ოპერატორმა კომპანიებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განუცხადეს, რომ ისინი მომხმარებელთა ნომრებსა და მათ შესახებ ინფორმაციას მესამე მხარეს არ უზიარებენ და არც ყიდიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ასევე ესაუბრა GeoSMS-ს და Paradox Georgia-ს კომპანიებს, რომლებიც მობილური რეკლამების დაგზავნით არიან დაკავებულნი – სადაც კომპანიებმა დაადასტურეს, რომ მათ მობილური ტელეფონის ნომრებისა და მათთან დაკავშირებული სხვა მონაცემების რამდენიმემილინიონიანი ბაზები აქვთ. თუმცა არც Paradox Georgia-მ და არც GeoSMS-მა ჩვენთან საუბარში არ დააზუსტა, თუ რა გზით მოხდა მათ ხელთ არსებული მონაცემების მოპოვება. კომპანიების წარმომადგენლების თქმით, კანონმდებლობა მათ არ ავალდებულებს წყაროს გამხელას და ათობით ათასი SMS-ის მომხმარებლების წინასწარი ნებართვის გარეშე დაგზავნა კანონს არ ეწინააღმდეგება”.
ახალი საკანონმდებლო რეგულაციით, თუ კომპანიები მოქალაქეთა მიმართვაზე სათანადო რეაგირებას არ განახორციელებენ, 1 ნოემბრიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განცხადებით მიმართონ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატს, რომელიც ამ კუთხით კერძო სექტორის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს განახორციელებს.
